„Boeing Co-მ უნდა აღიაროს თავისი შეცდომა Alaska Airlines-ის თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ და პრობლემას „სრული გამჭვირვალობით“ მიუდგეს“, - განუცხადა თანამშრომლებს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კალჰუნმა.

კალჰუნმა თავის მიმართვაში არ დააკონკრეტა თუ რა იყო Boeing-ის შეცდომა.  მისი თქმით, კომპანიას გამოძიებასთან თანამშრომლობის სრული მზაობა აქვს.

როგორც მან აღნიშნა, Boeing-ის ინჟინრები აგროვებენ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია Alaska Airlines-ის თვითმფრინავთან მომხდარი ავარიის მიზეზების დასადგენად.

NTSB-მ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იყო თუ არა ინციდენტი წარმოების დეფექტიდან გამოწვეული.

5 იანვარს Alaska Airlines-ის Boeing 737 MAX 9 ავარიულად დაეშვა პორტლენდის აეროპორტში მას შემდეგ, რაც ჰაერში ფანჯარა დაკარგა დაახლოებით 5 კმ სიმაღლეზე. არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. ავიაკომპანიამ თვითმფრინავი Boeing-ისგან 2023 წლის ნოემბერში მიიღო.

ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) გასცა ბრძანება Boeing 737 MAX 9-ის ფრენების დროებით შეჩერების შესახებ ქვეყნის საჰაერო სივრცეში და მათი ოპერირება ამერიკული ავიახაზების მიერ. FAA-ს გადაწყვეტილება 171 თვითმფრინავს შეეხო.

აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB) მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

9 იანვარს FAA-მ გამოაცხადა, რომ Boeing განიხილავდა თვითმფრინავების უსაფრთხოების სახელმძღვანელო მითითებებს; ფრენის შეჩერების ბრძანება ძალაში რჩება.