Boeing-ი, ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო და თავდაცვის ტექნიკის მწარმოებელი კორპორაცია, თავისი მთლიანი მუშახელის რაოდენობას 10%-ით შეამცირებს - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია, Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორის კელი ორტბერგის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კელი ორტბერგის ცნობით, მათი ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია და კომპანიის აღდგენა მოითხოვს მკაცრ გადაწყვეტილებებს.

"ჩვენ მოგვიწევს სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, რათა უზრუნველვყოთ, რომ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა", - თქვა მან.

კომპანიისთვის წარუმატებელი პერიოდი მას შემდეგ დაიწყო, რაც წლის დასაწყისში Boeing 737 MAX 9 "ალასკას ავიახაზების" რეისის შესრულებისას მწყობრიდან გამოვიდა და ფრენის დროს კარი მოწყდა.

შეგახსენებთ, რომ Boeing-ს დასავლეთ ლოკაციებზე მომუშავე 30 000-მდე თანამშრომელი პარასკევს, გაიფიცა და კომპანიის ყველაზე პოპულარული მოდელის, 737 MAX-ის წარმოება შეაფერხა. ეს პირველი შემთხვევაა 16 წლის განმავლობაში, როდესაც კომპანიაში დასაქმებულებმა შეთავაზებული კონტრაქტი უარყვეს და სამუშაო ადგილები დატოვეს.

გახანგრძლივებული გაფიცვა Boeing-ს მილიარდები შეიძლება დაუჯდეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ თვითმფრინავების მწარმოებელს უკვე ემუქრება საკრედიტო რეიტინგის შემცირება.

მასშტაბური გაფიცვა მხოლოდ გაგრძელებაა მღელვარებით სავსე 2024 წლის, კომპანიისთვის პრობლემური პერიოდი კი იანვრიდან დადგა, როდესაც Boeing-ის წარმოებული თვითმფრინავი 737 MAX ფრენისას მწყობრიდან გამოვიდა. მას შემდეგ კომპანიის აქციებზე 40%-მდე ვარდნა დაფიქსირდა.

Northcoast Research კვლევითი ცენტრის გამოთვლებით, გაფიცვის სრული ეფექტი $3-მილიარდიან ზარალს მოიაზრებს. ცენტრის ანალიტიკოსის, კრის ოლინის ინფორმაციით, Boeing-ი საწარმოო გეგმიდან, სავარაუდოდ, 33-35 თვითმფრინავს ამოიღებს, რაც დღიურად $102 მილიონის ზარალად გადაითარგმნება.

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ Boeing-ის კოსმოსისა და თავდაცვის მიმართულების ხელმძღვანელიც გადადგა. "ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებელში ნდობის აღდგენა და ჩვენგან მოსალოდნელი მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაა, რათა მსოფლიოს გარშემო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისიის ხელშეწყობის საშუალება მოგვეცეს", - ნათქვამია კელი ორტბეგის წერილში, რომელიც Boeing-ის თანამშრომლებს გაეგზავნათ.

წყარო: bm.ge