უკანასკნელ წლებში ბაზარზე X-ის პოტენციურ შემცვლელებად, საკმაოდ ბევრი აპლიკაცია გამოჩნდა და დაიხურა: Mastodon, Post, Pebble და Spill, თუმცა გარკვეული წარმატების მიღწევა, მხოლოდ Meta-ს მიერ შექმნილმა Threads-მა შეძლო.

ახლა კი Bluesky-ის ჯერია, რომელსაც დამფუძნებლების თქმით, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, განსაკუთრებული და  გამორჩეული შედეგები აქვს.

2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, Bluesky-ს უკვე 20 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. აუდიტორიის ზრდა ს X-ის პოლიტიკის ცვლილებას უკავშირებენ - ილონ მასკის გადაწყვეტილებით, ახლა მესამე მხარეებს უფლება აქვთ, გამოიყენონ პლატფორმის პოსტები ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის, დაბლოკილი ანგარიშები კონტენტს ხედავენ, თუმცა მასთან ინტერაქცია არ შეუძლიათ. '

ასევე, საგულისხმოა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ X-ი ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დატოვა.

ცოტა რამ Bluesky-ის შესახებ:

Bluesky - დეცენტრალიზებული სოციალური პლატფორმაა, რომლის იდეის ავტორიც Twitter-ის ყოფილი CEO, ჯეკ დორსია.  ახალი აპლიკაციის შექმნის პროექტი პირველად 2019 წელს გახდა ცნობილი, როცა დორსი  Twitter-ის CEO იყო.მან ჯერ კიდევ 2019 წელს თქვა, რომ Twitter ფინანსურად დაუჭერდა მხარს „მცირერიცხოვან დამოუკიდებელ გუნდს, რომელიც დააფუძნებდა დეცენტრალიზებულ სტანდარტს სოციალური მედიისთვის“.

Twitter-ის სათავეში მასკის მოსვლის შემდეგ კი Bluesky სრულად დამოუკიდებელი გახდა.

ამჟამად, ჯეკ დორსი აღარ არის Bluesky-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და აპლიკაციას ჯეი გრაბერი ხელმძღვანელობს. კომპანიაში 20 ადამიანი მუშაობს. თავდაპირველად რეგისტრაცია მხოლოდ მოქმედი მომხმარებლის მოწვევით იყო შესაძლებელი, მაგრამ 2024 წლის თებერვლიდან ეს პოლიტიკა შეიცვალა და Bluesky ფართო საზოგადოებისთვისაც გაიხსნა.

Bluesky-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS პლატფორმებისთვის, ასევე არსებობს ვებ-ვერსიაც. Bluesky-ზე რეგისტრაცია უფასოა. რაც შეეხება უნიკალურ დომენებს ფასები წლიურად $21.98 -იდან იწყება და შეიძლება ათას დოლარამდე გაიზარდოს. მაგალითად, იმისათვის, რათა ბმულში "bsky.social" ჩანაცვლდეს "dev.xyz"-ით, მომხმარებელს $1100 გადახდა მოუწევს.