2023 წელს ბირთვული იარაღით შეიარაღებულმა 9 სახელმწიფომ $91.4 მლრდ დახარჯა თავის არსენალზე, – ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის, „საერთაშორისო კამპანია ბირთვული იარაღის გაუქმების მიზნით” ანგარიშში.

მოხსენების თანახმად, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ბირთვულ იარაღზე გლობალური დანახარჯები $10.7 მლრდ-ით გაიზარდა, ამ ზრდის 80% კი შეერთებულ შტატებზე მოდის. აშშ-ის წილი მთლიან ხარჯებში $51.5 მლრდ-ით მეტია, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა ბირთვული ქვეყნის.

„უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში აღინიშნა ამ ყველაზე არაჰუმანური და დესტრუქციული იარაღის შემუშავებაზე გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია“, – განაცხადა ორგანიზაციის, „საერთაშორისო კამპანია ბირთვული იარაღის გაუქმების მიზნით” პოლიტიკისა და კვლევის კოორდინატორმა, ალისია სანდერს-ზაკრემ.

ბირთვული არსენალის განახლებაზე გაწეული ხარჯებით მეორე ადგილზეა ჩინეთი, რომელმაც $11.8 მლრდ დახარჯა, მესამეზე კი – რუსეთი, რომლის ხარჯი $8.3 მლრდ-ია.

„სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის“ მონაცემებით, დაახლოებით 2 100 ქობინი ინახებოდა მაღალ ოპერატიულ მზადყოფნაში და თითქმის ყველა ეკუთვნის რუსეთს ან აშშ-ს. რუსეთი და შეერთებული შტატები ერთად ფლობენ ბირთვული იარაღის თითქმის 90%-ს.