ნატო-ს ბირთვული არსენალის დაცვის მიზნით, ალიანსი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.

წვრთნები სახელწოდებით, Steadfast Noon დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მას ნიდერლანდები უხელმძღვანელებს და მასში ნატო-ს 14 ქვეყნის 71 თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნებში ჩაერთვებიან ბომბდამშენები და გამანადგურებლები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების ტარება, თუმცა ბირთვული იარაღი ან საბრძოლო მასალა არ იქნება გამოყენებული.

წვრთნების ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთის ზღვაში ტარდება და ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ნიდერლანდების სამხედრო ბაზებს გამოიყენებენ.

ასევე გამოყენებული იქნება ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა და სადაზვერვო სისტემები.

„ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს გვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალა დარჩეს, რაც შეიძლება სანდო, უსაფრთხო და ეფექტური. ეს ასევე ნათელ სიგნალს უგზავნის ნებისმიერ პოტენციურ მოწინააღმდეგეს, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ ყველა მოკავშირე ყველა საფრთხისგან“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.