მექსიკური კომპანია Biofase-ის მიერ ავოკადოს კურკისგან შექმნილმა ბიოპლასტმასამ შესაძლოა სამზარეულოს ჭურჭელში გამოყენებული პლასტმასას 60% ჩაანაცვლოს.
BIOFASE-მ შეიმუშავა უჩვეულო ახალი პოლიმერი, რომელიც ნაწილობრივ დამზადებულია ავოკადოს კურკისგან. მასალაში 60% ავოკადოს კურკაა და 40% - სინთეზური ორგანული ნაერთები. მათი თქმით, მასალას შესანიშნავი მექანიკური და ფიზიკური თვისებები აქვს.
Biofase-ის მთავარი მაგია ის არის, რომ წარმოებული პროდუქცია ბიოდეგრადირებადია და მთლიანად იშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ავოკადოს კურკისგან შექმნილი ბიოპლასტმასა შეგიძლიათ გადააგდოთ ნაგავსაყრელზე ისე, რომ სინდისმა არ შეგაწუხოთ, რადგან ის ბიოდეგრადირებადია და დაიშლება.
კომპანია 2013 წელს ბიოქიმიურმა ინჟინერმა სკოტ მუნგუიამ მექსიკაში დააარსა. წელიწადნახევრის განმავლობაში მან შეისწავლა ავოკადოს თვისებები და საბოლოოდ გაარკვია, თუ როგორ ამოეღო მოლეკულური ნაერთი ავოკადოს ნაყოფის გულიდან, რათა შემდეგ ბიოპოლიმერი მიეღო. სასურველ შედეგს რომ მიეღწია, მკვლევარმა პროცესი დააპატენტა. პარალელურად მან შექმნა კომპანია Biofase და ნედლეულის წარმოების ქარხანა გახსნა მექსიკის შტატის მიჩოაკანის დედაქალაქ მორელიაში, რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო ავოკადოს კულტივაცია იყო. როგორც Mexico Daily News-ი იტყობინება, ბიოდეგრადირებადი ჭურჭლის შესაქმნელად კომპანიას შეუძლია დღეში 15 ტონა ავოკადოს კურკის გადამუშავება. აღნიშნული ტექნოლოგია აგვარებს სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების პრობლემას და თან ქმნის ბიოდეგრადირებულ პროდუქციას. ავოკადოს ორგანული პლასტმასა 240 დღეში იშლება, ხოლო წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებულ პლასტმასას დაახლოებით 100 წელი ან მეტი სჭირდება, წერს Biofase თავის ვებსაიტზე.