კასპიის მილსადენის კონსორციუმი, ანუ რუსული მილსადენის მარშრუტი ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მარშრუტზე მომგებიანია. ამის შესახებ კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლაი გორბანმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი შეფესებით, ყაზახური მხარისთვის რუსული მარშრუტი მოკლე და გასაგები ლოგისტიკით, ასევე, ტრანსპორტირების გაცილებით დაბალი ხარჯებითაც უფრო მომგებიანია, ვიდრე ყველა სხვა, მათ შორის ბთჯ-ის მარშრუტი.

„მართალია, ნავთობის ნებისმიერი მწარმოებელი, ნებისმიერი ქვეყანა მოპოვებული ნედლეულის ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზებს ეძებს, მაგრამ ამის მიუხედავად, დღეს ჩვენი მარშრუტი ყველაზე მომგებიანია… ბთჯ დღეს ჩვენთვის კონკურენტი არ არის,” - აცხადებს გორბანი.

მისი შეფასებით, „მოცულობა, რომელსაც ყაზახეთი ამჟამად ბთჯ-ის მილსადენით აგზავნის, უმნიშვნელოა.“

„თუ იქ, მაგალითად, ერთი მილიონი ტონა გადაიქაჩება ჩვენი 60 მილიონი ტონიდან, შეგიძლიათ, პროცენტულად გამოთვალოთ, თუ რამდენად დიდი სხვაობაა,“ - ამბობს გორბანი.

ამასთან, გენდირექტორი არც თენგიზის საბადოზე წარმოების გაზრდას მიიჩნევს პრობლემად და კასპიის მილსადენის კონსორციუმს აქაც უალტერნატივოდ ასახელებს. მისი თქმით, 2024 წლის აპრილიდან ყაზახეთი თენგიზის საბადოზე წარმოების 12 მილიონი ტონით გაზრდას გეგმავს.

„ერთ წელიწადში ყაზახური მხარე ამ მოცულობას მიაღწევს და საინტერესოა, სად უნდა წაიღონ ეს ნავთობი?! ჩვენ უკვე მივაღწიეთ ჩვენი სისტემის პროფიციტს 82 მილიონ ბარელამდე, რაც სრულად და უფრო მეტად დაფარავს ყაზახური მხარის საჭიროებებს,“ - აცხადებს გორბანი.

კასპიის მილსადენის კონსორციუმი ნავთობის ტრანსპორტირების პროექტია, რომელშიც რუსეთი და ყაზახეთი მონაწილეობენ. ეს ამ ეტაპზე მსოფლიო ბაზრებზე ყაზახური ნავთობის მთავარი საექსპორტო მარშრუტია. ყაზახური ნავთობის წილი მილსადენით გატარებული მოცულობის 80%-ზე მეტია. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. მოცულობის ძირითადი ნაწილი „თენგიზის“ გიგანტური საბადოს ოპერატორს, Tengizchevroil-ს ეკუთვნის, რომლის ყველაზე დიდი წილის მფლობელი ამერიკული Chevron-ია.

კასპიის მილსადენის კონსორციუმის აქციონერები არიან რუსეთი (31%-ით), ყაზახეთი (20,75%-ით), Chevron (15%-ით), LUKARCO B.V. (12,5%-ით), Mobil Caspian Pipeline Company და Rosneft-Shell Caspian Ventures (თითოეული 7,5%-ით), ასევე, BG Overseas Holding და Eni International (თითოეული 2%-ით) და Oryx Caspian Pipeline LLC (1,75%-ით).

bpn.ge