შეიხ ჰასინა აცხადებს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები „მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებულია“.
ორშაბათს, 17 ნოემბერს, ბანგლადეშის გადაყენებულ პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჰასინას სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიესაჯა. რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესის ბოლოს, ის დამნაშავედ ცნეს 2024 წლის სტუდენტური აჯანყების ძალადობრივი დარბევის ბრძანების გაცემაში. ბანგლადეშის ყოფილი მმართველი ამტკიცებს, რომ მისი მისამართით წაყენებული ბრალდებები „მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებულია“.
შეიხ ჰასინა ამჟამად ინდოეთში, დევნილობაში იმყოფება.
„სიკვდილით ჩემი დასჯის შესახებ მიღებული ამაზრზენი გადაწყვეტილება ამხელს დროებით მთავრობაში მყოფი ექსტრემისტი ფიგურების თავხედურ განზრახვას, ბანგლადეშის არჩეული პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებას ჩამოაშორონ და გააუქმონ „ავამის ლიგა“, როგორც პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა შეიხ ჰასინამ.
„განაჩენი გამომიტანა სასამართლომ, რომელიც უკანონოდ არის დანიშნული და არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმართება. მას დემოკრატიული მანდატი არ გააჩნია“, - აღნიშნულია 78 წლის ჰასინას განცხადებაში.
„ეს განაჩენი წინასწარ იყო განსაზღვრული. მე არ მეშინია, წარვდგე მიუკერძოებელი ტრიბუნალის წინაშე, რომელიც მტკიცებულებებს პატიოსნად განიხილავს,“ - დასძინა მან.
შეიხ ჰასინას, რომელიც ინდოეთში 2024 წლის აგვისტოში გაიქცა, ბანგლადეშის დედაქალაქის სასამართლო, ივნისიდან მოყოლებული, დაუსწრებლად ასამართლებდა.
სასამართლომ სიკვდილით დასჯა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ასადუზამან ხან კამალსაც მიუსაჯა, რომელიც ასევე მიმალვაშია. პოლიციის ყოფილ უფროსს, ჩოუდჰური აბდულა ალ-მამუნს კი, რომელიც პატიმრობაშია და დანაშაული აღიარა, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები
ბანგლადეშის სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს სიკვდილით დასჯა იმ საპროტესტო ტალღის ძალადობრივი ჩახშობის ბრძანების გაცემისთვის მიუსაჯა, რომელსაც 2024 წლის ზაფხულში მისი გადაყენება მოჰყვა.
„მის საქმეში არსებობს ყველა ელემენტი (...), რომლითაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დგინდება. ამიტომ, გადავწყვიტეთ უმაღლესი სასჯელის - სიკვდილით დასჯის - შეფარდება“, - განაცხადა დაკას სასამართლოს მოსამართლემ, გოლამ მორტუზა მოზუმგერმა.
განაჩენის თანახმად, მოსამართლეებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი დამნაშავედ ცნეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში - მათ შორის, მკვლელობისკენ წაქეზებასა და მკვლელობების შეკვეთაში.
ბენგლადეშის დროებითმა მთავრობამ, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ იუნუსი ხელმძღვანელობს, განაჩენს „ისტორიული“ უწოდა. ამასთან, მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ნებისმიერ არეულობას აღკვეთს.
ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ, სამხრეთ აზიაში მდებარე 170-მილიონიან ქვეყანას დროებითი მთავრობა მას შემდეგ მართავს, რაც ჰასინა ბანგლადეშიდან გაიქცა.
განაჩენის გამოტანის შემდეგ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინდოეთს ჰასინასა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ასადუზამან ხან კამალის ექსტრადირება სთხოვა, რომელსაც იმავე საქმეზე ასევე სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ინდოეთმა განაცხადა, რომ განაჩენის შესახებ ინფორმირებულია და ოფიციალურ დაკასთან „კონსტრუქციულად ითანამშრომლებს“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გაერო-ს მონაცემებით, 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში გამართულ ანტისამთავრობო პროტესტებს, რომელმაც ჰასინას თხუთმეტწლიანი მმართველობა დაასრულა და ის ქვეყნიდან გააქცია, სულ მცირე, 1 400 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
დედაქალაქის პოლიცია მზადყოფნაშია მოყვანილი. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიასა და ქალაქის ყველა საკვანძო წერტილში სამართალდამცავების დიდი რაოდენობა თავმოყრილი.
შეიხ ჰასინასთვის სიკვდილით დასჯის შეფარდება პროკურორმა გასულ თვეში მოითხოვა.
შეიხ ჰასინა ოქტომბერში რამდენიმე უცხოურ მედიასაშუალებას, მათ შორის სააგენტო „ფრანს პრესს“ ესაუბრა, რომლის დროსაც მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყო და ხაზგასმით თქვა, რომ მათ უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
შეიხ ჰასინას სამართლებრივი პრობლემები ამ სასამართლო პროცესით არ მთავრდება. მისი პოლიტიკური ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ის დადანაშაულებულია სხვადასხვა მკვლელობასა და გატაცებებში, რომლებიც ქვეყანაში მისი მმართველობის პერიოდში ხდებოდა.
საგამოძიებო კომისიის ბოლოდროინდელი შეფასებით, ოპოზიციის 250-ზე მეტი წევრი გაუჩინარებულია, რაც, კომისიის მტკიცებით, შეიხ ჰასანას ბრძანების საფუძველზე მოხდა.
ბანგლადეში ტანსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში და წამყვან გლობალურ ბრენდებს ამარაგებს. გასული წლის პროტესტებმა ამ სექტორს სერიოზული დარტყმა მიაყენა.
მომავალ არჩევნებში ფავორიტად, რომელიც სამ თვეში ჩატარდება, ჰასინას მთავრობის დროს ოპოზიციაში მყოფი „ბანგლადეშის ნაციონალისტური პარტია“ მიიჩნევა.
წყარო: 1 არხი