ჯო ბაიდენი მარკ ცუკერბერგს აკრიტიკებს. აშშ-სი მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ Meta-ს გადაწყვეტილება, რომელიც მთელი მსოფლიოდან ფაქტ-ჩექერების დათხოვნას ეხება, სამარცხვინოა და ის ხელს უშლის რეალური ინფორმაციის გავრცელებას. ჯო ბაიდენის თქმით, მილიარდერის ეს იდეა ეწინააღმდეგება ამერიკის მიზანს - უთხრას თავის მოსახლეობას სიმართლე.
"ეს არის იმ ყველაფრის საპირისპირო, რასაც წარმოადგენს ამერიკა. ჩვენ გვინდა, გითხრათ სიმართლე. შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასე არ იყო, მაგრამ გვინდა, მოგაწოდოთ სიმართლე. იდეა, რომ მილიარდერს შეუძლია, იყიდოს რაიმე და თქვას: იცი, რა?.. ამ გადმოსახედიდან, ჩვენ აღარ ვაპირებთ ფაქტების გადამოწმებას - როდესაც მილიონობით ადამიანი კითხულობს , ნახულობს სხვადასხვა ინფორმაციას ინტერნეტში, - ეს უბრალოდ სამარცხვინოა", - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა მასშტაბური ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლებიც კომპანიის ზომიერების პოლიტიკასა და პრაქტიკას შეეხება. ცვლილება პოლიტიკური და სოციალური ლანდშაფტისა და სიტყვის თავისუფლების მოპოვების სურვილს მოჰყვა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Meta სანდო პარტნიორების ფაქტების შემოწმების პროგრამას დაასრულებს და მას საზოგადოებაზე ორიენტირებული სისტემით ჩაანაცვლებს, რომელიც X"s Community Notes-ის მსგავსი იქნება.
ასევე, კომპანია ცვლის პოლიტიკური თემების მოდერაციის სისტემას, რამაც პოლიტიკური შინაარსის ამბების რაოდენობა მომხმარებელთა გვერდებზე შეამცირა.
ცვლილებები გავლენას მოახდენს Facebook-სა და Instagram-ზე, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს.
"ფაქტჩეკერები იყვნენ პოლიტიკურად ძლიერ მიკერძოებულები და გაანადგურეს უფრო მეტი ნდობა, ვიდრე შექმნეს. ის, რაც მეტი ინკლუზიურობისთვის შეიქმნა, გამოიყენებოდა მოსაზრებებისა და განსხვავებული იდეების მატარებელი ადამიანების ჩასახშობად და ეს პროცესი ძალიან შორს წავიდა", - აცხადებს ცუკერბერგი.