„სოციალური ქსელები ჩვენს შვილებს ზიანს აყენებს და მე ამას ყურადღებით ვეკიდები“, - აცხადებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ენტონი ალბანეზე.
სწორედ ამიტომ, ქვეყნის მთავრობას სურს მიიღოს კანონი, რომელიც თამამ ნაბიჯად ფასდება: მინიმალურ ასაკად დაწესდება 16 წელი, რომლის მიღწევის შემდეგაც მოზარდებს სოციალური მედიით სარგებლობა შეეძლებათ.
ალბანეზეს თქმით, საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტს წლევანდელ ბოლო სესიაზე წარედგინება, რომელიც 18 ნოემბერს იწყება, კანონი კი ძალაში მისი მიღებიდან 12 თვის შემდეგ შევა.
ამიტომ, ისეთმა პლატფორმებმა, როგორიცაა „იქსი“ („X“), „ტიკ-ტოკი“ და „ფეისბუკი“, 2024 წლის დარჩენილი პერიოდი იმის დასადგენად უნდა გამოიყენონ, თუ როგორ ჩამოაშორონ 16 წლამდე ასაკის ავსტრალიელი მოზარდები თავიანთ ქსელებს.
„მე ვესაუბრე ათასობით მშობელს, პაპა-ბებიას, დეიდას და ბიძას. მათ, ისევე როგორც მე, აწუხებთ საკუთარი შვილების უსაფრთხოება, როდესაც ისინი ინტერნეტში არიან“, -ამბობს ალბანეზე.
„სოციალური მედიის პლატფორმებს დასჭირდებათ იმის დემონსტრირება, რომ ისინი გონივრულ ზომებს იღებენ მათ ქსელებზე 16 წლამდე ასაკის პირების წვდომის თავიდან ასაცილებლად. ეს ტვირთი მშობლებს ან თავად ახალგაზრდებს არ დაეკისრება“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
ავსტრალიის მთავრობის ინიციატივა მიზნად ისახავს გლობალური მოძრაობის წამოწყებას და „მსოფლიოში წამყვანი“ კანონმდებლობის შექმნას ისეთი ტექნოლოგიების გამოყენების ზედამხედველობისთვის, როგორიცაა სმარტფონები და სოციალური მედია.
„მეტას“ („ფეისბუკის“ და „ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია - რედ. ) უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანტისტან დევისი ამბობს, რომ მისი კომპანია მზად არის, დაიცვას ნებისმიერი ასაკობრივი შეზღუდვა, რომლის დაწესებასაც ავსტრალიის მთავრობა მოითხოვს.
„თუმცა, საჭიროა საგნობრივი დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს შეზღუდვის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას მდგომარეობა, როდესაც ჩვენ, თითქოს, რაღაც გავაკეთეთ წვდომის შესაჩერებლად, მაგრამ მოზარდები და მშობლები შედეგს ვერ იგრძნობენ და ვითარების გაუმჯობესებას ვერ დაინახავენ“, - ციტირებს დევისის განცხადებას ავსტრალიური გამოცემა NPR.
მისი აზრით, პრობლემის უფრო მარტივი და ეფექტური გადაწყვეტა შეიძლება იყოს „უფრო ძლიერი ხელსაწყოების გამოყენება აპლიკაციების მაღაზიებსა და ოპერაციულ სისტემებში, რათა მშობლებმა გააკონტროლონ, თუ რა აპლიკაციების გამოყენება შეუძლიათ მათ შვილებს“.
„ტიკ-ტოკს“ და „იქსს“ ავსტრალიის მთავრობის ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
1tv.ge