ავსტრალიამ მხარი დაუჭირა A$20 მილიარდიან (13.5 მლრდ აშშ დოლარი) პროექტს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებული მზის ელექტროსადგურიდან მზის ენერგია სინგაპურს 4300 კმ-იანი წყალქვეაშა კაბელით გადაეცემა - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრი, ტანია პლიბერსკი აცხადებს, პროექტი ორ ქვეყანაში განახლებად ენერგიაზე მოთხოვნის გაზრდას დაეხმარება. პროექტს ავსტრალიური კომპანია SunCable განახორციელებს, რომლის ინფორმაციითაც, მზის ენერგიის ექსპორტი 2030 წლიდან დაიწყება.

პროექტი განვითარების ორ საფეხურს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც სინგაპურსა და დარვინში (ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორია) ინდუსტრიული მოხმარებისთვის 6 გიგავატ მწვანე ელექტროენერგიას მიაწვდის.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მხარდაჭერის პარალელურად, ავსტრალიის მემარცხენე-ცენტრისტი მთავრობა განახლებადი ენერგიის განვითარებაზე მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციური ოპოზიცია ქვანახშირის ელექტროსადგურების ატომური ელექტროსადგურებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოდის.

Bm.ge