აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ აცხადებს. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა.
პაკეტში სხვა სამხედრო დახმარებასთან ერთად შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სიაში ასევე მოხსენიებულია Stryker ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სამედიცინო აღჭურვილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სათადარიგო ნაწილები.
2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, სამხედრო დახმარების ეს პაკეტი, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული 69-ე პაკეტია.
წყარო: რადიო თავისუფლება