აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის ბიუროკრატიის შემცირების კამპანიის ფარგლებში, სამსახურიდან 10 000-მდე ადამიანი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Routers-ი  ავრცელებს.

მედიის ცნობით, 14 თებერვალს სამსახურიდან 9,500-ზე მეტი ადამიანი დაითხოვეს. სამსახურიდან გათავისუფლდნენ შინაგან საქმეთა, ენერგეტიკის, ვეტერანთა საქმეების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის დეპარტამენტების თანამშრომლები.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამას ემატება დაახლოებით 75,000 თანამშრომელი, რომლებმაც მიიღეს ტრამპისა და მასკის შეთავაზება სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის შესახებ. ეს აშშ-ის სახელმწიფო მოხელეთა დაახლოებით 3%-ს შეადგენს.

ტრამპის თქმით, ფედერალური მთავრობა გადატვირთულია კადრებით და ძალიან დიდი თანხა ფუჭად იკარგება.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის მთავრობას 36 ტრილიონი დოლარის ვალი აქვს და 2024 წელს 1.8 ტრილიონი დოლარის დეფიციტი ჰქონდა.

წყარო: 1tv.ge