აშშ-ში ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „კასპერსკი“ რუსეთთან კავშირების გამო აკრძალეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ვაჭრობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ კომპანიის კავშირები მოსკოვთან საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატებში არსებულ მომხმარებლებს. მედიის ცნობით, კომპანია ვეღარ შეძლებს თავისი პროდუქტის გაყიდვას ან განახლებას შეერთებულ შტატებში. ასეთი ზომების მიღება კი რუსული კიბერთავდასხმების საფრთხის ფონზე გახდა საჭირო.

„რუსეთმა აჩვენა, რომ აქვს შესაძლებლობა და განზრახვა, გამოიყენოს რუსული კომპანიები, მაგალითად, „კასპერსკი“ ამერიკელთა პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად და მათ იარაღად გამოსაყენებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ იძულებული ვართ, მივიღოთ ზომები, რომლებსაც დღეს ვაწესებთ“, – ნათქვამია განცხადებაში. აკრძალვა ძალაში 29 სექტემბრიდან შევა, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ ახალი ალტერნატივები.

„კასპერსკიში“ აცხადებენ, რომ მათი ქმედებები საფრთხეს არ უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და გადაწყვეტილება „გეოპოლიტიკურ კლიმატსა და თეორიულ შეშფოთებებს“ ეფუძნება.

წყარო: პირველი არხი