აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ბევრი ფიქრობს, რომ მესამე მსოფლიო ომი შესაძლოა, ხუთ-ათ წელიწადში დაიწყოს, რუსეთთან დაძაბულობა ყველაზე სავარაუდო მიზეზად სახელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„გარდიანის“ ცნობით, როდესაც ევროპა გამარჯვების დღის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება, YouGov-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობის აზრით, მეორე მსოფლიო ომის დროს და მანამდე განვითარებული მოვლენები დღესაც აქტუალურია და ახალგაზრდა თაობებისთვის მათი სწავლება უნდა გაგრძელდეს.
როგორც „გარდიანი“ წერს, გამოკითხულ ხუთ ევროპულ ქვეყანაში: დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში, გამოკითხულთა 41 პროცენტიდან 55 პროცენტამდე აცხადებს, რომ, მათი აზრით, მომდევნო ხუთიდან ათ წლამდე პერიოდში კიდევ ერთი მსოფლიო ომი ძალიან ან საკმაოდ სავარაუდოა, რასაც ამერიკელების 45 პროცენტი იზიარებს. 68 პროცენტიდან 76 პროცენტამდე უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი ვარაუდობენ, რომ ნებისმიერი ახალი კონფლიქტი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ხოლო გამოკითხულთა 57 პროცენტიდან 73 პროცენტამდე აღნიშნა, რომ მესამე მსოფლიო ომი 1939-1945 წლებთან შედარებით მეტ მსხვერპლს გამოიწვევს.
ადამიანების უმეტესობის, იტალიაში 66 პროცენტის და დიდ ბრიტანეთში 89 პროცენტის განცხადებით, მოელოდებიან, რომ მათი ქვეყანა ასეთ ომში იქნება ჩართული, თუმცა, მხოლოდ უმცირესობები, იტალიაში 20 პროცენტი და საფრანგეთში 44 პროცენტი ფიქრობენ, რომ მათი შეიარაღებული ძალები მათ დაცვას შეძლებენ. ამის საპირისპიროდ, ამერიკელების 71 პროცენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებს ენდობა.