აშშ-ში ოქროს ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოსაა.
მსოფლიო ოქროს საბჭოს ცნობით, სამი თვის წინ ჩინეთში კოვიდის ნულოვანი პოლიტიკის გაუქმებისა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოსახლეობა სულ უფრო მეტ ოქროს სამკაულსა და ნაკეთობებს ყიდულობს. შეერთებულ შტატებში სამი რეგიონული ბანკის კოლაფსმა კი ინვესტორების ყურადღება ისევ ძვირფასი ლითონისკენ მიმართა, მიზეზი ისაა, რომ ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში ოქრო სანდო აქტივად მიიჩნევა.
საბანკო კრიზისის ამ ეტაპზე რეგიონულმა ბანკმა, PacWest-მა განაცხადა, რომ საკუთარი მომავლის უზრუნველსაყოფად პოტენციურ გაყიდვას განიხილავს, Comex-ის ბირჟაზე ოქროს ფიუჩერსებმა ყველა დროის მაქსიმუმი - 2,072 აშშ დოლარი გაიმეორა. Refinitiv-ის თანახმად კი, ფასმა ამ ნიშნულს რამდენიმე ცენტით იმავე დღესვე გადააჭარბა და ყველა დროის მაქსიმუმს - 2,072.49 აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა პარასკევს ღირებულება ოდნავ 2,039 დოლარამდე დაეცა.