აშშ-მა კოლუმბიის პრეზიდენტს პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე გაკეთებული განცხადებების გამო ვიზა გაუუქმა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს ვიზა მას შემდეგ გაუუქმა, რაც ის პარასკევს ნიუ-იორკში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა და ამერიკელ ჯარისკაცებს მოუწოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებებს არ დაემორჩილონ.
„პეტროს ვიზას გავაუქმებთ მისი წინდაუხედავი და არეულობის გამომწვევი განცხადებების გამო“, - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა X-ზე.
კოლუმბიის პრეზიდენტმა გაერო-ს შტაბ-ბინასთან შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართა და განაცხადა, რომ „გლობალური შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას, რომლის მიზანი პალესტინელების გათავისუფლება იქნება“.
„ეს ძალები აშშ-ის არმიაზე უფრო დიდი უნდა იყოს. ამიტომ, ამერიკელ ჯარისკაცებს მოვუწოდებ, რომ იარაღი ხალხისკენ არ მიმართონ. ტრამპის ბრძანებებს არ დაემორჩილოთ, კაცობრიობის ბრძანებებს დაემორჩილეთ“, - აღნიშნა პეტრომ.