დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ბრიტანული ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიის აშშ-ში ექსპორტზე 0%-იანი სატარიფო შეთანხმება გააფორმეს. აშშ-ის მიერ დიდი ბრიტანეთისათვის 0%-იანი ტარიფის დაწესების სანაცვლოდ, ბრიტანეთი ამერიკულ მედიკამენტებში უფრო მეტს გადაიხდის.
კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ამერიკულ მედიკამენტებში გადასახდელ ფასს 25%-ით გაზრდის. სანაცვლოდ კი გაერთიანებულ სამეფოში წარმოებულ მედიკამენტებზე, მათ ინგრედიენტებსა და სამედიცინო ტექნოლოგიაზე „სექცია 232“-ის სექტორული ტარიფები არ გავრცელდება. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი გამონაკლისის სტატუსს მიიღებს „სექცია 301“-ის სამომავლო ტარიფებისთვისაც.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, ჯეიმისონ გრირის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება ქვეყნებს დაეხმარებათ სამედიცინო სექტორში გაზარდონ ინვესტიციები და ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას.
ორი ქვეყანა ფარმაცევტულ პროდუქციაზე დამატებითი მოლაპარაკებების გამართვაზე მიმდინარე წლის მაისში შეთანხმდა. 0%-იანი სატარიფო პირობების მიღების სანაცვლოდ დიდმა ბრიტანეთმა პასუხისმგებლობა აიღო, რომ ქვეყანაში ამერიკული და არამხოლოდ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოს გააუმჯობესებს, რაც უპირველესად რეგულაციების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საყოველთაო ტარიფების კანონიერების საკითხი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში განიხილება. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებამდე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რაც შეიძლება მეტი ინდივიდუალური სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას ცდილობს.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ტარიფებს სხვა სამართლებრივი ბერკეტებით შეცვლიან. აშშ-ის 1962 წლის სავაჭრო გაფართოების აქტის „სექცია 232“ და 1974 წლის სავაჭრო აქტის „სექცია 301“ სწორედ ასეთ სამართლებრივ ბერკეტს წარმოადგენს. აშშ-ის უზენაესი სასამართლო საბოლოო განაჩენს რამდენიმე კვირაში გამოაცხადებს.