რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.

„საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის კონცერტებზე თავდასხმას და აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. შეგახსენებთ, რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჩვენი რჩევა მე-4 დონეზეა - არ იმოგზაუროთ“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

გაფრთხილების ტექსტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც აქვეყნებს. უწყებაც ბრიტანელებს ურჩევს, რომ მოერიდონ რუსეთში ყოველგვარ მოგზაურობას.

„სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია”, - აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ ტურისტული დაზღვევა შეიძლება გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრებიან.