აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინნეთანიაჰუმ უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა რამდენიმე განცხადება გააკეთეს ღაზის სექტორთან, ირანთან და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე.

„აშშ გადაიბარებს ღაზის სექტორს და ჩვენ ამ საქმეს კარგად გავაკეთებთ. ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელნი ყველა სახიფათო აუფეთქებელი ბომბისა და სხვა იარაღის განადგურებაზე ამ ტერიტორიაზე, მოვასწორებთ ადგილს და მოვაშორებთ დანგრეულ შენობებს. შევქმნით ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებისა და საცხოვრებლის შეუზღუდავ რაოდენობას ამ რეგიონის ხალხისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა თავის ხედვას ღაზის მომავალთან დაკავშირებით.

„ვხედავ, რომ ეს მოიტანს დიდ სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთის ამ ნაწილში და შესაძლოა, მთელ ახლო აღმოსავლეთში. ყველა, ვისთანაც მე ვისაუბრე, მოსწონს იდეა, რომ შეერთებული შტატები ფლობდეს ამ მიწის ნაკვეთს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის აღდგენას და სანქციების გატარებას.

„დღეს მე ასევე მივიღე ზომები ირანის რეჟიმზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის აღსადგენად. ჩვენ კვლავ გავატარებთ ყველაზე აგრესიულ შესაძლო სანქციებს, ირანის ნავთობის ექსპორტს ნულამდე დავიყვანთ და შევამცირებთ რეჟიმის შესაძლებლობას, დააფინანსოს ტერორი რეგიონში და მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ, რომ ირანი ვერასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს.

„ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ ირანის საკითხს. მათ სცადეს თქვენი მოკვლა, ბატონო პრეზიდენტო, მათ სცადეს თავიანთი მოკავშირეების მეშვეობით ჩემი მოკვლა. ჩვენ ორივე ვალდებულნი ვართ, უკან დავახევინოთ ირანის აგრესიას რეგიონში და უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

1tv.ge