აშშ ევროპას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს, – ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„აქსიოსი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში ვიზიტი, სადაც ის გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებს შეხვდა, ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებებში დროის მოგების უშედეგო მცდელობად მიიჩნია.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის წევრები ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპელი ლიდერებისგან დისტანცირებას, რათა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობებში, მასზე უფრო ეფექტური ზეწოლა მოახდინონ.

„ზელენსკის არ შეუძლია ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ევროპაში თავის მთავარ მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე“, – განაცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.

გამოცემასთან წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ იმ დროს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ზელენსკიზე ზეწოლას ახდენს, რათა სწრაფად იმოქმედოს, ევროპელები უკრაინის პრეზიდენტს სიფრთხილისა და მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, ამ დინამიკამ თეთრ სახლში იმ ადამიანების გაღიზიანება გამოიწვია, რომლებიც ევროპელებს შეთანხმების მიღწევის მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევენ. როგორც გამოცემა წერს, რამდენიმეკვირიანი ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგაც, უკრაინელები თვლიან, რომ აშშ-ის ამჟამინდელი გეგმის ზოგიერთი ასპექტი მოსკოვისთვის ხელსაყრელია და აშშ ზელენსკიზე გაცილებით დიდ ზეწოლას ახდენს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე.

თუმცა, „აქსიოსის“ ცნობით, ამავდროულად, აშშ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა ზეწოლა პუტინზეც მოახდინა, რათა რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი მოთხოვნები შეერბილებინა.

გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებები ორ საკითხზე იყო ფოკუსირებული: რუსეთის მოთხოვნაზე, რომ უკრაინამ მთელი დონბასი დათმოს და უკრაინის მოთხოვნაზე, აშშ-მა სანდრო უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს, რათა უკრაინამ მომავალში რუსული აგრესია თავიდან აიცილოს.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, უკრაინელების აზრით, აშშ-ის წინადადებები მას შემდეგ გაუარესდა, რაც ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა გასულ კვირას კრემლში პუტინთან 5-საათიანი შეხვედრა გამართეს.

როგორც წყარომ პორტალს განუცხადა, უიტკოფს და კუშნერს, სავარაუდოდ, ზელენსკისგან მტკიცე თანხმობა სურდათ, როდესაც ისინი შაბათს, 2-საათიანი სატელეფონო საუბრის დროს გეგმას განიხილავდნენ.

„ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს აშშ სხვადასხვა გზით ცდილობდა ჩვენთვის რუსეთის მიერ მთელი დონბასის მიტაცების სურვილის მოწოდებას და რომ ამერიკელებს სურდათ, ზელენსკი ამ ყველაფერზე სატელეფონო საუბრის დროს დათანხმებოდა“, – ციტირებს წყაროს სიტყვებს „აქსიოსი“.

1tv.ge