ევროპელი ოფიციალური პირების დელეგაცია ვაშინგტონს ორშაბათს ეწვევა, რათა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ახალი სანქციები, განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აშშ-ის ფინანსთა მდივანი, სკოტ ბესენტი პარასკევს ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.

პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში 3.5-წლიანი ომის დასრულების შეუძლებლობის გამო სულ უფრო მეტ იმედგაცრუებას განიცდის.

ის ამაოდ ცდილობს დაარწმუნოს რუსეთის პრეზიდენტი, რომ დათანხმდეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში ალასკაზე რუსეთის ლიდერთან სამიტი გამართა.

ცნობისთვის, როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-ფინეთის საზღვართან ვიზიტისას განაცხადა. ბალტიის ქვეყნები, ფინეთი, ნორვეგია და პოლონეთი რუსეთის ტერიტორიის მახლობლად სამხედრო აქტივობას ზრდიან.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპაში არავის ვემუქრებით და საზღვრების შეცვლას არ ვცდილობთ. თუ მათ ეს მოსწონთ, მაშინ გააკეთონ. სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლები, კერძოდ, ბალტიის ქვეყნები, ფინეთი, ნორვეგია და პოლონეთი, ჩვენი ტერიტორიის მახლობლად სამხედრო აქტივობას ზრდიან. ჩვენ სახელმწიფო საზღვრის საიმედოობა უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება „მათი გადაწყვეტილებაა, მათი სუვერენული უფლებაა, თუმცა ამას შედეგი მოჰყვება“.

ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიციის“ მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება რუსეთის პოზიციის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.

„ეს სრული სისულელეა. ისინი [„მსურველთა კოალიცია“] იკრიბებიან და განიხილავენ, თუ რა გარანტიები შეიძლება მისცენ უკრაინას. ჩვენ გვკითხეს ეს? მაშინ, როცა კონფლიქტი, სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, ნებისმიერი სახის წინადადების შემუშავებისას კონსულტაცია ჩვენთან უნდა გაიარონ. ისინი თავად იგონებენ რაღაცას და შემდეგ გარანტიად წარმოაჩენენ. ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება“, - აღნიშნა მედვედევმა.