ჩინეთი მოლაპარაკებაზე დათანხმდა და უახლოეს მომავალში აშშ-ის და ჩინეთის მთავრობები ახალ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ, - ამის შესახებ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იუწყება. ტრამპი ამას მისი ადმინისტრაციის გატარებული სატარიფო პოლიტიკის დამსახურებად მიიჩნევს და ამბობს, რომ სავაჭრო შეთანხმება არსებული ბარიერების შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული და ის აშშ-ის ეკონომიკას უდიდეს სარგებელს მოუტანს.

აშშ-ჩინეთის სატარიფო შეთანხმების დეტალები ჯერ არ საჯაროვდება, რადგან ეს ამ ეტაპზე კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მხარეები ტარიფების შემსუბუქებაზე, სავაჭრო ბარიერების შერბილებაზე და ვაჭრობის გამარტივებაზე შეთანხმდებიან. ეს ორივე ქვეყნისათვის ბევრად მეტი სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე ტრამპის წამოწყებულ სავაჭრო ომში ჩართვა.

ცნობისთვის, გამოცემა Financial Times საზღვაო გადაზიდვების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ომის ფონზე ჩინეთში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი 10 კვირაზე დიდი ხნის განმავლობაში სრულად შეწყვეტილია.

გამოცემის ცნობით, 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩინეთში აშშ-დან იმპორტირებული LNG მთლიანად იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის შედარებით დაბალ წილს წარმოადგენდა - გასულ წელს ჩინეთის LNG-დან მხოლოდ 6% იყო იმპორტირებული აშშ-დან, 2021 წელს იმპორტირებულ 11%-თან შედარებით.