შეერთებული შტატები აგრძელებს ბალტიის სამივე სახელმწიფოს სამხედრო დაფინანსებას, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ხელმოწერილი ბრძანებით დასტურდება. ამ ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (LSM) ავრცელებს.

LSM-ის ცნობით, ბალტიის ქვეყნებისთვის საგარეო სამხედრო დაფინანსების ბრძანებას რუბიომ გასულ პარასკევს მოაწერა ხელი, რაც ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის ელჩებისთვის 10 მარტს გახდა ცნობილი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ამ გადაწყვეტილებას მაღალ შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ეს არის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში საერთო გაგებისა და ინტერესის კიდევ ერთ დადასტურება.

უფრო მეტი სამხედრო შესყიდვების განხორციელება (მათ შორის, საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალების) მხოლოდ ლატვიას შეეძლება, ხოლო აშშ-ს სამხედრო აკადემიებში წვრთნების გავლის შესაძლებლობა ბალტიის სამივე ქვეყნის სამხედრო პერსონალისთვის კვლავ ძალაში დარჩება.

2024 წელს ლატვიამ, მთლიანობაში, 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა შეიძინა, მათ შორის HIMARS-ი და Black Hawk-ის ვერტმფრენები.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, აშშ-მ მხარი დაუჭირა სხვადასხვა თავდაცვითი პროგრამის დანერგვას ესტონეთში, სამხედრო შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გაწეულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ კი ჯამში 228 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

იანვარში თეთრ სახლში პრეზიდენტის შეცვლამ ბალტიის რეგიონში გააჩინა შიში, რომ ვაშინგტონი თავდაცვის, ნატო-ს და უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს გადახედავდა.

თუმცა, სამშაბათს, 11 მარტს ჯედაში (საუდის არაბეთი) უკრაინა დათანხმდა აშშ-ს მიერ შეთავაზებულ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რასაც მოჰყვა როგორც აშშ-ს დაზვერვის მონაცემების გაზიარების, ასევე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღდგენა.

ვინაიდან შეთანხმების ძალაში შესასვლელად რუსეთის თანხმობაც არის საჭირო, ამ მიზნის მისაღწევად, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი მოსკოვში მიემგზავრება.

30 დღით ცეცხლის შეწყვეტის პერიოდი უკრაინას უფრო ძლიერი თავდაცვითი ხაზების მოწყობის საშუალებას მისცემს.

წყარო: 1tv.ge