BBC-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წაიქცა პალმები, ჩამოინგრა შენობების ფასადები. დუბაიში გაუქმდა ფრენები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და სკოლები დაიხურა.

Flight Aware-ის მონაცემებით, ოთხშაბათს დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და აეროპორტიდან, დაახლოებით, 290 ავიარეისი გაუქმდა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რას ალ-ხაიმაში, სტიქიას 70 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, მას შემდეგ, რაც მოვარდნილმა წყალმა მისი ავტომობილი წაიღო.

წყალდიდობას ებრძვიან ომანშიც. საჰამში მაშველებმა გოგონას ცხედარი იპოვეს, რითაც ქვეყანაში კვირიდან დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროების ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჭექა-ქუხილი, ძლიერი წვიმა და ქარი უახლოეს დღეებში კვლავ მოსალოდნელია.