ესტონეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის მოადგილის, ვიცე-პოლკოვნიკ მატიას პუუსეპის თქმით, გასული კვირის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ცეცხლის შესაძლო შეწყვეტისთვის ემზადება. როგორც პუუსეპი აცხადებს, უფრო პირიქით ხდება - რუსეთი ზრდის თავდასხმების რაოდენობას, რათა მოლაპარაკებების დაწყების მომენტისთვის უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდეს.
„ომის მეოთხე წლის პირველ კვირაში რუსეთს არც ერთ სექტორში არანაირი ტაქტიკური პროგრესი არ ჰქონია. საჯაროდ ხელმისაწვდომი გეოლოკაციის მონაცემების თანახმად, რუსეთის ძალების წინსვლა პოკროვსკის მიმართულებით სრულად შეჩერდა და უკრაინამ, ლოკალური კონტრშეტევებით, პოკროვსკის თავდაცვითი პერიმეტრის გაფართოება მოახერხა“, - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.
თუმცა, რუსულ ძალებს შეტევითი ზეწოლა არ შეუწყვეტიათ. თებერვლის დასაწყისში მათი შეტევის ინტენსიობა დღეში 100 თავდასხმამდე დაეცა და ბოლო კვირის განმავლობაში საშუალოდ 103-ზე შენარჩუნდა.
მტრის მიერ ერთ დღეში განადგურებული სამიზნეების საერთო რაოდენობა სტაბილურად 1 180-1 200-ის ფარგლებში რჩება. „მტერი აგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს სამოქალაქო სამიზნეებზე ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში“, - აღნიშნა ესტონელმა ვიცე-პოლკოვნიკმა.
მისი შეფასებით, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი, რაიმე სახით, ცეცხლის შეწყვეტისთვის ემზადება.
„არის იმის ალბათობა, რომ რუსეთი, მოლაპარაკებებისთვის უკეთესი პირობების მისაღებად, გაზრდის თავდასხმების რაოდენობას, განსაკუთრებით კურსკის ზონაში. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთს არ გააჩნია ძალთა ისეთი ბალანსი, რომელიც მას კურსკის ოლქის სწრაფად დაბრუნების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა მატიას პუუსეპმა.
დონეცკის ოლქში თავდასხმების მთავარ სამიზნედ კვლავ რჩება ქალაქი პოკროვსკი და მისი შემოგარენი, რომელზეც სახმელეთო შეტევების დაახლოებით მეოთხედიდან მესამედამდე მოდის.
„თუმცა, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებებში ნაკლები ინტენსივობა შეინიშნება. გარდა ამისა, მიმდინარეობს უკრაინის თავდაცვის სუსტი მხარეების ძიება სხვა ტერიტორიებზე“, - აცხადებს პუუსეპი.
პოკროვსკის სამხრეთით მდებარე დასახლებებში, კოსტინტინოპოლსა და ანდრეევკაში, რუსულმა ძალებმა წინსვლა მოახერხეს. ასევე გრძელდება აქტიური მოქმედებები ველიკა ნოვოსილკის ჩრდილოეთით და, ნაკლები ინტენსივობით, -ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში. ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებს ხელს უშლის რბილი ამინდის პირობები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ მანევრირებას.
„გარდა ამისა უკრაინა წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს შორ მანძილზე მდებარე რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ოკუპირებულ ყირიმში არსებულ სამიზნეებზე“, - დასძინა პრესკონფერენციაზე ესტონეთის თავდაცვის ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა.
წყარო: 1 არხი