ამერიკის მიერ უკრაინისათვის გაწეული დახმარების უკან დაბრუნება ხდება ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში წილში ჩაჯდომით, რაც ფაქტობრივად ხარკის დაწესების ტოლფასია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გამოქვეყნდა უკრაინულ-ამერიკული ჩარჩო შეთანხმების სრული ტექსტი (ნახეთ კომენტარებში).იშვიათ მადნებზე არაა საუბაური. ეს უკვე უკრაინის მთელ ბუნებრივ რესურსებს და მის მოპოვებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურასაც ეხება.

ბევრს ჰგონია, რომ უკრაინაში ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის შესახებ გასაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს უკრაინული და ამერიკული ინვესტიციებით მის ათვისებას. ეს ასე არ არის. უკრაინაში სახელმწიფოს კუთვნილი ნებისმიერი მადნის მოპოვებიდან მიღებული შემოსავალი, ვინც არ უნდა განახორციელოს ინვესტიცია, ამერიკელმა, ჩინელმა თუ ევროპელმა, მისი ნახევარი მიდის ფონდში. ამ ფონდის ნახევარი ეკუთვნის ამერიკის მთავრობას. მას ამ ფონდში არაფერი შეაქვს. იგი უკრაინის კუთვნილი შემოსავლებიდან ფორმირდება. ანუ ის რაც უნდა წასულიყო უკრაინის ბიუჯეტში, მიდის ფონდში. მის მოპოვებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პორტებისა თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურის ობიექტების შემოსავლების ნახევარი ასევე მიდის ამ ფონდში.

თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ: მადნების მოპოვებაში რომ არ მიიღოს არავითარი მონაწილეობა ამერიკულმა კომპანიებმა ან მთავრობამ, ამ ფონდში ფული მაინც შევა და მისი ნახევარი გახდება ამერიკული მხარის საკუთრება. რაც შეეხება ამ ფულის ხარჯვას: იგი უნდა ინვესტირდეს უკრაინაში ( ეს უკვე კარგია, განსხვავებით თავდაპირველი ვარიანტისა). ანუ უკრაინის მიერ გამომუშავებული ფული ინვესტირდება უკრაინაშივე, მაგრამ შემოსავლის ნახევარი ეკუთვნის ამერიკულ მხარეს.

სწორს ამბობს ტრამპი-საბოლოო ჯამში ამ სქემით ამერიკის მიერ უკრაინისათვის გაწეული დახმარების უკან დაბრუნება ხდება ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში წილში ჩაჯდომის გზით. ფაქტობრივად, ეს სქემა რესურსებზე გადასახადის ( ხარკის) დაწესების ტოლფასია. როგორადაც არ უნდა გაუმჯობესდეს გარიგების პირვანდელი, კაბალური ვარიანტი, თავად ფონდის შექმნის იდეა არის ძალიან ცუდი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისადმი იძულებით თავსმოხვეული მექანიზმი. ეს ფონდი არ იმუშავებს. იმდენ პრობლემას წარმოქმნის სამომავლოდ, რომ ან გაუქმდება, ან ტრანსფორმირდება. იგი ათეულ წლებზეა გათვლილი. არც ხელისუფლებებია მუდმივი“, - წერს რომან გოცირიძე.