აშშ-ის სანქციების მარეგულირებელმა, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ახალი სანქციები შემოიღო.

50-ზე მეტი ბანკი მოხვდა შავ სიაში (SDN, Specially Designed Nationals List), მათ შორის სისტემურად მნიშვნელოვანი „გაზპრომბანკი“, მისი უცხოური შვილობილი კომპანიები და Dom.RF Bank. შეზღუდვები ასევე დაწესებულია რამდენიმე ათეულ ფინანსურ კომპანიაზე, ძირითადად რეგისტრატორებსა და დეპოზიტარებზე. 

პირადი სანქციები შეეხო რუსეთის ბანკის 11 ხელმძღვანელს, მათ შორისაა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველი მოადგილეები ვლადიმერ ჩისტიუხინი და დიმიტრი ტულინი, თავმჯდომარის მოადგილე ოლგა პოლიაკოვა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

სისტემურად მნიშვნელოვანი საკრედიტო ინსტიტუტები არ ექვემდებარებოდნენ ამერიკულ სანქციებს 2023 წლის ზაფხულიდან, როდესაც შეზღუდვები გავრცელდა T-Bank-ზე (ყოფილი Tinkoff Bank). თუმცა, რუსული ბაზრის ძირითადი ფინანსური სექტორი არც ისე დიდი ხნის წინ მოექცა ყურადღების ქვეშ - 2024 წლის ივნისში სანქციები დაწესდა მოსკოვის ბირჟის ჯგუფის მიმართ, რამაც გამოიწვია დოლარსა და ევროში ორგანიზებული ვაჭრობის შეჩერება. ცენტრალური ბანკის მენეჯმენტს ბოლოს აშშ-ის სანქციები დაუწესდა 2022 წლის შემოდგომაზე.