Google-ის მფლობელმა Alphabet-მა გუშინ გასული წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები წარმოადგინა. ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდის დამსახურებით, Alphabet-მა ანალიტიკოსების პროგნოზს აჯობა და ისტორიაში პირველად $400 მილიარდის წლიური შემოსავლის მიღება შეძლო.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მეოთხე კვარტალში Alphabet-მა $113.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 17%-ით აღემატება. ამავე პერიოდში კომპანიამ ერთ აქციაზე $2.82-ის შემოსავალი დააფიქსირა, რაც 2024-ის მეოთხე კვარტლის მონაცემებზე 31%-ით მეტია.
Alphabet-მა გასულ წელს მთლიანობაში $402.8 მილიარდის შემოსავალი, ერთ აქციაზე კი $10.81 მიიღო. Wall Street-ის ანალიტკოსების პროგნოზი Alphabet-ის წლიური შემოსავლისთვის $400.2 მილიარდს წარმოადგენდა.
გასული წელი ზრდის თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული გამოდგა Google-ის სერვისებისა და Google Cloud-ისათვის. ამ უკანასკნელის გაყიდვებისაგან მიღებული შემოსავალი 48%-ით, $17.7 მილიარდამდე გაიზარდა. Google-ის სერვისებისგან მიღებული შემოსავალი კი 14%-ით, $95.8 მილიარდამდე გაიზარდა.
კომპანიის განცხადებით, 2026 ფისკალურ წელს კაპიტალის ხარჯების $175-$185 მილიარდამდე ზრდას მოელიან, რაც AI-პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდით აიხსნება. ცნობისთვის, აღნიშნულმა ხარჯებმა გასულ წელს $105.7 მილიარდი შეადგინა.
ბოლო ექვსი თვის განმვლობაში Alphabet-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 70%-ით გაიზარდა. შედეგად, ის მეოთხე კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $4 ტრილიონს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ გუშინწინ Alphabet-ისა და Amazon-ის მიერ მხარდაჭერილმა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-მა საკუთარი AI-მოდელის, Claude-ის განახლება გამოუშვა, რომელიც იურიდიული, კლიენტთა მომსახურებისა და ფინანსური ანალიზის ავტომატიზაციის შესაძლებლობას იძლევა. ამ სიახლის შედეგად კი მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების აქციათა ფასები მნიშვნელოვნად გაუფასურდა.