მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა და ესტონეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ეკონომიკური სანქცია დააწესეს, აგრესორი ქვეყნიდან შემოტანილი საქონელი ესტონეთის არც ერთი მსხვილი საცალო ქსელიდან არ გამქრალა. საცალო ქსელ A1000 Market-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტარმო ლაურინგის თქმით, კომპანია რუსული საქონლის გაყიდვას მანამდე გააგრძელებს, სანამ ამის უფლება ექნება.
ლორინგმა ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელს (ERR) განუცხადა, რომ ეს უფრო ფართო, ეროვნული პრობლემაა და მასში ეთიკური კონფლიქტის ნიშნების ძებნა საჭირო არ არის. „რამდენად არის შესაძლებელი რუსული პროდუქციის ექსპორტის მთლიანად აკრძალვა? ესტონეთის მთავრობა, ამ საქმის გარდა, სხვა ყველაფრით არის დაკავებული“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, კანონით შეიძლება დაწესდეს ორთვიანი გარდამავალი პერიოდი არსებული მარაგების გასაყიდად, რის შემდეგაც გაყიდვის სრული აკრძალვის ძალაში შესვლა პრობლემებს აღარ შექმნის.
ლორინგს არ სჯერა, რომ რუსული მაიონეზის გაყიდვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდაჭერას ნიშნავს. მისი განცხადებით, სანამ იმპორტიორები რუსული პროდუქციის შემოტანას აგრძელებენ და კანონი ამას არ კრძალავს, A1000 Market-ი რუსეთში წარმოებული საკვები პროდუქტების გაყიდვას გააგრძელებს.
საცალო ქსელ „ეი1000 მარკეტ“-ში რუსული ლუდი იყიდებამარტინ ჰალისმაა / ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელი (ERR)
ლორინგი განმარტავს, რომ დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში, თავის ხარჯებს და ფასებს ყველა ყურადღებით აკვირდება და თუ რუსული პროდუქცია სხვაზე იაფია, მაშინ, მისი გაყიდვის შესაზღუდად, ცოტა რამის გაკეთება თუ შეიძლება.
„თუ ბაზარზე მოხუცი ქალი კარტოფილს 10 ევროდ ყიდის, მის გვერდით მდგომი კი - 5 ევროდ, მაშინ, ცხადია, ყველა იმ გამყიდველთან წავა, ვინც იაფად ყიდის“, - ამბობს A1000 Market-ის აღმასრულებელი დირექტორი და ამით ფასის მიმართ მომხმარებელთა მგრძნობელობაზე აკეთებს აქცენტს.
ლორინგი ასევე ირწმუნება, რომ მის სავაჭრო ქსელში რუსული საქონელი მთლიანი ასორტიმენტის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს და რუსეთიდან შემოტანილი პროდუქცია სხვა საცალო ქსელებშიც იყიდება.
თუმცა, ორშაბათს ტალინში, მულა ტიანავზე A1000 Market-ის მაღაზიების მონახულებისას, ადვილად შეიძლებოდა იმაში დარწმუნება, რომ ამ საცალო ქსელში რუსული წარმოების უამრავი საქონელი იყიდება, მათ შორის - მურაბები, სოუსები, ფუნთუშები, ძლიერი და მსუბუქი ალკოჰოლური სასმელები...
საცალო ქსელ „ეი1000 მარკეტ“-ში რუსული წარმოების ნამცხვრებიც იყიდებამარტინ ჰალისმაა / ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელი (ERR)
იმპორტიორი დუმილს ინარჩუნებს
ესტონეთში გაყიდული რუსული წარმოების რამდენიმე საკვები პროდუქტის ეტიკეტზე ერთი იმპორტიორი, Stimbar OÜ-ია მითითებული.
ამ უკანასკნელის ვებ-გვერდზე შესვლისას, მარტივად შეიძლება იპოვოთ ბევრი ისეთი რუსული საქონელი, რომელიც A1000 Market-ის ქსელში უკვე ნახეთ. გარდა ამისა, კომპანიის კატალოგში წარმოდგენილია არაერთი პროდუქტი რუსულენოვანი ეტიკეტებით, რომლებზეც წარმომავლობის ქვეყანა არ არის მითითებული.
Stimbar OÜ-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და უმსხვილესმა აქციონერმა, ოლგა ტრუვერკმა, ჟურნალისტის კითხვაზე, თავდაპირველად, განაცხადა, რომ ის მხოლოდ რუსულად საუბრობდა. რუსეთიდან საქონლის იმპორტის შესახებ რუსულ ენაზე განმეორებითი კითხვის შემდეგ კი აღნიშნა, რომ მისი კომპანია საქონელს კი არ ყიდის, არამედ მხოლოდ სასაწყობო ფართს ქირაობს. მისი ეს განცხადება საწარმოთა რეესტრში და კომპანიის ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას არ შეესაბამება.
შემდგომ კითხვებს ტრუვერკმა ასე უპასუხა: „მოდით, კიდევ ერთხელ აგიხსნით: მე ვაქირავებ. უკაცრავად, მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან ეს სულელური კითხვები და ერთგვარი პროვოკაციაა“. მასთან საუბარი ამით დასრულდა.
ორშაბათს, 30 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კიდევ ექვსი თვით, 2026 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.
წყარო: 1 არხი