აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში ლგბტქ პრაიდი იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

უნგრეთის დედაქალაქის, ბუდაპეშტის ცენტრში ლგბტქ პრაიდის მონაწილეები იკრიბებიან.

მოსალოდნელია, რომ მსვლელობაში მონაწილეობას ათიათასობით ადამიანი მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას ბუდაპეშტში პრაიდის ღონისძიებების ჩატარების დაშვებისკენ მოუწოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა.

„მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

შეგახსენებთ, აპრილში უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო შესწორება მიიღო, რომელიც ლგბტქ+ თემებისთვის შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.