„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ახალი საბანკეტო დარბაზის მშენებლობა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო, 400 მილიონი დოლარი დაჯდება.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საბანკეტო დარბაზი მომავალი ინაუგურაციების ჩასატარებლად და მასშტაბური ღონისძიებებისთვის იქნება განკუთვნილი.

„150 წლის განმავლობაში საბანკეტო დარბაზზე ოცნებობდნენ. ეს იქნება ყველაზე ლამაზი საბანკეტო დარბაზი და განკუთვნილი ინაუგურაციებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საბანკეტო დარბაზს თითქმის 13 სანტიმეტრის სისქის მინის ფანჯრები ექნება, „რომლებშიც მხოლოდ ჰაუბიცა თუ შეაღწევს“.

ცნობისთვის, თავდაპირველი გეგმის მიხედვით, საბანკეტო დარბაზის მშენებლობისთვის 200 მილიონი დოლარი იყო გათვლილი. როგორც ცნობილია, სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 18 თვეში უნდა დასრულდეს. თეთრი სახლის განცხადებით, დარბაზის მშენებლობა კერძო შემოწირულობებით ფინანსდება, თუმცა საჯაროდ არ განუმარტავთ, ვინ ან რომელმა კომპანიებმა შეიძლება დააფინანსონ ის.

ამასთან, „სიენენის“ ცნობით, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული ფონდის მიერ შეტანილი სარჩელის ზედამხედველმა ფედერალურმა მოსამართლემ დარბაზის პროექტზე მუშაობა არ შეაჩერა, რადგან სასამართლო პროცესი გრძელდება.

1tv.ge