ავიაკომპანია, AirBaltic მზად არის, უკრაინაში მაშინვე დაბრუნდეს, როგორც კი სიტუაცია უსაფრთხო გახდება.

ამის შესახებ AirBaltic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ გაუსმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ავიაკომპანიამ უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ ფრენების უმოკლეს დროში განახლების გეგმა შეიმუშავა. უსაფრთხოების შემთხვევაში ავიაკომპანია უკრაინის სხვა მიმართულებებზე სიმძლავრის გადატანას გეგმავს. AirBaltic-ს, ასევე, სურს, ღამის გაჩერების პრაქტიკის ფარგლებში, უკრაინაში ზოგიერთი თვითმფრინავი ღამეც დატოვოს.

გაუსის თქმით, ავიაკომპანია “დღეს საღამოსაც კი შეასრულებდა რეისს, ეს რომ უსაფრთხო იყოს.”

AirBaltic-ისთვის უკრაინის საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გახსნით დამატებითი საკვანძო ბაზარი გაიხსნება, რადგან ქვეყანაში მოგზაურობის მოთხოვნა მაღალია. ავიაკომპანია, ასევე, უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებით ლატვიის სამხრეთით პირდაპირ მარშრუტებზე ფრენას ისეთ მიმართულებამდე შეძლებს, როგორიც არის დუბაი და საბერძნეთი.

მარტინ გაუსი ამბობს, რომ ავიაკომპანიას ეს გეგმა თავის რეკომენდაციებში არ შეუტანია, რადგან ჯერ გაურკვეველია, თუ როდის გაიხსნება უკრაინის საჰაერო სივრცე.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ფრენები უკრაინის ერთ-ერთ აეროპორტში, ლვოვში ან ბორისპოლში შესაძლოა, 2025 წლის იანვრის ბოლომდე განახლდეს. უკრაინის საავიაციო სამსახური მზად არის, რეისები 95%-ით განაახლოს, თუმცა მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავარ ფაქტორად რჩება. სწორედ ამიტომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი საჰაერო სივრცის ნაწილობრივ გახსნასაც კი შეუძლებლად მიიჩნევს და საქონლის მიწოდებისა და მგზავრების გადაყვანის ალტერნატიული მარშრუტების, კერძოდ, სახმელეთო-საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას მოითხოვს.

ცნობისთვის: რუსეთის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 15 სამოქალაქო აეროპორტი დაზიანდა. ამის გარდა, ბოლო სამი თვის განმავლობაში რუსი ოკუპანტები, თითქმის, 60-ჯერ თავს დაესხნენ პორტის ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც, თითქმის, 300 ობიექტი და 22 სამოქალაქო გემი დაზიანდა ან განადგურდა.

bpn.ge