ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2014 წელს ოდესის პროფკავშირთა სახლში ხანძრის საქმეზე უკრაინა დამნაშავედ ცნო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ 2014 წლის მაისის დასაწყისში ოდესაში საპროტესტო აქციებისა და არეულობების დროს ადამიანთა დაღუპვა ვერ აღკვეთა.
ყველა გარემოების განხილვის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „არ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო ძალადობის თავიდან ასაცილებლად“, ასევე, რომ ძალადობის დაწყებისთანავე დროული სამაშველო ზომები მიეღო პროფკავშირების სახლში ხანძრის დროს შენობაში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მეხანძრეებმა, პოლიციამ და უკრაინის სხვა უწყებებმა დაარღვიეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, რადგან ვერ აღკვეთეს და ვერ შეაჩერეს ძალადობა.
სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 13 მარტს გამოქვეყნდა.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია,რომ ტრაგედიის გამოძიება სათანადოდ არ ჩატარებულა.
უკრაინამ მოსარჩელეებს ჯამში 115 ათას ევრომდე უნდა გადაუხადოს. კოლექტიური სარჩელი შეიტანა 28 დაზარალებულმა და გარდაცვლილთა ნათესავებმა. სასამართლომ უკრაინას დააკისრა 15 ათასი ევროს გადახდა დაღუპულთა ნათესავებისთვის, ხოლო მძიმე დამწვრობებით გადარჩენილი სამი პირისთვის 12-12 ათას ევრო. ყველაზე მაღალი კომპენსაცია, 17 ათასი ევრო, პროფკავშირების სახლში დაღუპული მიხაილ ვიაჩესლავოვის ქალიშვილს გადაეცა. სხვა დარღვევებთან ერთად, ის ხელისუფლებას უჩიოდა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარს ეუბნებოდნენ მამის ცხედრის გადაცემაზე.
რუსეთი სასამართლო პროცესებში არ მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, 2014 წლის 2 მაისს ოდესაში შეიარაღებული შეტაკებები მოხდა პრორუსული„ანტიმაიდანის“ მოძრაობის აქტივისტებისა და პროუკრაინული „ევრომაიდანის“ აქტივისტების მონაწილეობით, რომლებიც შეუერთდნენ ოდესის „ჩერნომორეცის“ და ხარკოვის „მეტალისტის“ ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებმაც იმ დღეს ერთობლივი მსვლელობა „ერთიანი უკრაინისთვის“ გამართეს.
პრორუსული მოძრაობის აქტივისტთა ნაწილმა თავი პროფკავშირების სახლს შეაფარა, სადაც ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში ხალხი ბლოკირებული აღმოჩნდა.
შეტაკების დროს დაიღუპა 48 ადამიანი, რამდენიმე სროლის შედეგად, დანარჩენები ხანძრისა და შენობიდან გაქცევის მცდელობის დროს. ასევე 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.