ევროკავშირს სურს გაზარდოს თავდაცვის შესაძლებლობები და ამისთვის მას სჭირდება დაახლოებით 500 მილიარდი ევროს ინვესტიცია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯები 2021 წლიდან 30%-ით გაიზარდა, მაგრამ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბლოკი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის.

ორშაბათს, 3 თებერვალს, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ იდეებზე, რომლებიც ევროკომისიის ახალ თავდაცვის დოკუმენტში უნდა აისახოს.

,,როცა ვსაუბრობთ რა სურთ ევროპის ლიდერებს, რა თქმა უნდა, სამი საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი. ფისკალური სივრცის შექმნა ბიუჯეტში, საერთო სახსრების უზრუნველყოფა საერთო პროექტებისთვის და კერძო დაფინანსების მობილიზება თავდაცვის ინდუსტრიისთვის“ – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ.

მეტი ფისკალური სივრცის შექმნა ერთ-ერთი მთავარი იდეაა, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ეკონომიკური რეგულაციების შემსუბუქება, რომელიც ზღუდავს ქვეყნებს, რათა დიდი ოდენობით ვალები არ აიღონ.

ამის გასაღები ევროკომისიას ეკუთვნის, ევროკომისიას შეუძლია ქვეყნებს თავდაცვაზე მეტი რესურსების დახარჯვის საშუალება მისცეს.

,,განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება ხდება საჭირო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროში. ასე რომ კომისია აპირებს იყოს ბევრად უფრო მოქნილი.  ევროკავშირის სტაბილურობისა და ზრდის პაქტის ფარგლებში არსებობს შესაძლებლობები, რომ თავდაცვის ხარჯები გაიზარდოს” – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ევროკავშირის 27 ქვეყნის შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

წყარო: ევრონიუს ჯორჯია