დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, 28 თებერვალს თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ვაშინგტონი ზეწოლას ახორციელებდა ბრიტანეთზე და ზელენსკის მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთებას მოითხოვდა. ამის შესახებ კირ სტარმერმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ განაცხადა.
„იმ დღეს ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არცთუ ისე კარგად წარიმართა. ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ ძალიან კრიტიკულად გამოვსულიყავით, გამოგვეყენებინა მკაფიო ზედსართავები, რათა აღგვეწერა ის, თუ რას გრძნობდნენ სხვები. მე მივიჩნევდი, რომ უმჯობესია ყურმილის აღება და ორივე მხარესთან დალაპარაკება, რათა მეცადა, დამებრუნებინა ისინი ერთსა და იმავე გვერდზე“, – განაცხადა სტარმერმა.
სტარმერის განცხადებით, აღნიშნულის შემდეგ მან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი ჯონათან პაუელი კიევში გაგზავნა, რათა ზელენსკისთვის ერჩია, როგორ დაელაგებინა ურთიერთობა ტრამპთან. მისივე თქმით, მოგვიანებით ტრამპს დაურეკა და კიევში მიღწეული პროგრესის შესახებ აცნობა, რითიც საფუძველი ჩაუყარა ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარს.
„ნიუ იორკ თაიმსთან“ კირ სტარმერი ასევე საუბრობს ევროპასთან მიმართებაში დონალდ ტრამპის ცივ დამოკიდებულებაზე და მიაჩნია, რომ ტრანსატლანტიკური კავშირების შენარჩუნება აუცილებელია.
„ბევრი მოგვიწოდებს, ავირჩიოთ აშშ-სა და კონტინენტურ ევროპას შორის. ჩერჩილმა ეს არ გააკეთა. ეტლიმ ეს არ გააკეთა. ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იქნებოდა ახლა არჩევანის გაკეთება. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი ტვირთი უნდა იკისრონ ევროპის კოლექტიური თავდაცვისთვის. მე არ ვენდობი პუტინს. დარწმუნებული ვარ, პუტინი შეეცდება, დაიჟინოს, რომ უკრაინა დარჩეს დაუცველი შეთანხმების შემდეგ, რადგან ამით ის მიიღებს იმას, რაც სურს, კერძოდ კი, შესაძლებლობას კვლავ შეიჭრას უკრაინაში“, – აღნიშნავს ბრიტანეთის პრემიერი.
წყარო: 1tv.ge