"28 პუნქტიანი ტრამპის გეგმა უკრაინის ფაქტობრივი კაპიტულაციის შესახებ, რომლის მიხედვით უკრაინამ უბრძოლველად უნდა დათმოს ის ტერიტორიებიც, რომელსაც დღემდე აკონტროლებს, ეხება აგრეთვე რუსეთისათვის სანქციების მოხსნას და გაყინული 300 მილიარდი დოლარის აქტივების გამოყენებას," - წერს ეკონომისტი რომან გოცირიძე.
მისი აზრით, რუსული გაყინული აქტივების გამოყენების გეგმა ისეთივე უაზრო და ცინიკურია, როგორი უაზრო და მკვდრადშობილი იყო შეთანხმება იშვიათ ლითონებთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოოდ ტრანსფორმირდა უკრაინის ბუნებივი რესურსების მიტაცების ასევე მკვდრადშობილ ფონდად.
"საოცრება ის არის, რომ 28 პუნქტიანი ტრამპის გეგმის მიხედვით 300 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული ფულიდან ცალკე უნდა გამოიყოს 100 მილიარდი დოლარი, შეიქმნას სპეციალური ფონდი, საიდანაც მოხდება ინვესტირება უკრაინის ეკონომიკაში და შემოსავლების 50 პროცენტი უნდა წაიღოს ამერიკამ მოგების სახით. გეგმის ეს ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის ევროპის ქვეყნების მცდელობასთან, გამოიძებნოს ისეთი სამართლებრივი გზა და ფინანსური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ 300 მილიარდი დოლარის ახლავე გამოსაყენებლად უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით. ასეთ მექანიზმად მოიაზრება ე. წ. რეპარაციული სესხი. ევროკავშირი გასცემს სესხს უკრაინაზე რუსული აქტივების გირაოს ქვეშ, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც რუსეთს დაეკისრება რეპარაცია ანუ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სესხის დაბრუნება მოხდება ამ გაყინული ფულიდან.
ტრამპის გეგმის მიხედვით მოხდება გაყინული რუსული აქტივების განბლოკვა და იგი გამოყენებული იქნება შემდეგნაირად:
- შეიქმნება სპეციალური, უკრაინის აღდგენისა და ინვესტირების ფონდი 100 მილიარდი დოლარის ოდენობით, საიდანაც მოგების 50 პროცენტს წაიღებს ამერიკა.
- ევროპამ არა მხოლოდ უნდა განბლოკოს გაყინული რუსული აქტივები, არამედ საკუთარი რესურებიდან უნდა გამოჰყოს დამატებითი 100 მილიარდი დოლარი უკრაინაში ინვესტირებისათვის.
- დარჩენილი 200 მილიარდი დოლარის ოდენობის რუსული აქტივით უნდა შეიქმნას ამერიკულ-რუსული საინვესტიციო ფონდი, რომლის მეშვეობით მოხდება ერთობლოვი პროექტების განხორციელება მსოფლიო მასშტაბით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე, მათ შორი დიდ რვიანში დაბრუნებას. ვინაიდან გაყინული რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი ევროპაშია განთავსებული, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ბიზნესგეგმას ევროპის ქვეყნები დასთანხმდნენ.
ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში რუსული ენის სახელმწიფო ენად დაბრუნებიდან დაწყებული, რუსეთისათვის სანქციების მოხსნას და ომის დამნაშავეების მიმართ ყოველგვარი სამართლებლივი დევნის არდაშვებას სამომავლოდ, ანუ საყოველთაო საერთაშორისო ამნისტიას, რუსეთისათვის სისხლის ჩამორეცხვისა და ცივილიზებულ სამყაროში მისი დაბრუნების ტოლფასია. ეს ითვალისწინებს მიტაცებული ტერიტორიების დე იურე აღიარებასაც. ეს არის რუსული გეგმა, რომელიც ტრამპის პროექტად უნდათ რომ გაასაღონ. თანაც პოზას იჭერენ, ვითომ არც რუსები ეთანხმებიან ამას. უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ამ გეგმაზე უარის თქმის შემთხვევაში ტრამპი იმუქრება სამხედრო იარაღის მიწოდების და ომის ველზე სადაზვერვო მხარდაჭერის შეწყვეტით. პირველ რიგში ევროპამ უნდა ჩაშალოს ეს რუსული გეგმა," - წერს რომან გოცირიძე.