ევროკავშირმა 2027 წლისთვის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ რეგულაციაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

ევროკავშირის საბჭომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპარლამენტთან მიაღწია შეთანხმებას რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ 2027 წლისთვის, რაც რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულების მცდელობის ნაწილია.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) და მილსადენებით გაზის იმპორტის იურიდიულად სავალდებულო, ეტაპობრივ აკრძალვას 2026 წლის ბოლოდან და 2027 წლის შემოდგომიდან. ავრცელებული პრესრელიზის თანახმად, რუსულ გაზზე სრულად დამოუკიდებლობას ევროკავშირი 2027 წლის 1 ნოემბერს მიაღწევს.

მათივე ცნობით, ახალი წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმებს როგორც კომპანიებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

საბჭო განმარტავს, რომ რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის REPowerEU-ს გზამკვლევის ცენტრალურ ელემენტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულებას მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება იარაღად გამოიყენა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ევროკავშირის გაზის იმპორტის 12%-ს რუსეთიდან იღებს, მაშინ როდესაც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ბუნებრივი აირის 45%-ს ევროპა მოსკოვისგან იღებდა.

1tv.ge