იტალიაში, კერძოდ მილანსა და კორტინაში დ’ამპეცოში 2026 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ამ დღის აღსანიშნავად მილანში ყოფნისას განაცხადა, რომ “იტალია მზად არის დაწეროს თავისი დიდი ოლიმპიური ისტორიის შემდეგი თავი.”

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ იტალიაში მოვიწვიო ზამთრის სახეობის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები. წინ კიდევ ერთი წელია და უამრავი საორგანიზაციო ეტაპი გვაქვს გასავლელი. საორგანიზაციო კომიტეტმა ძალიან კარგად იცის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წრე ბოლოს იწყება, სადაც უამრავი დეტალია მოსაგვარებელი“, -ამბობს თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

შეჯიბრს დანამდვილებით შეიძლება ეწოდოს მილანი-კორტინას ზამთრის თამაშები, თუმცა გარკვეული შეჯიბრებები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება – ლივიონიოში, ბორმიოში, პრედაცოში, ტესეროში, და ანტერსელვაში.

სამთო-სათხილამურო სპორტი დაყოფილი იქნება – კორტინაში ქალთა შეჯიბრი გაიმართება, ხოლო ბორმიოში კი მამაკაცების.

ლივინიო თავისუფალი სტილით თხილამურობას და სნოუბორდს უმასპინძლებს, ხოლო ბიატლონი ანტერსელვაში გაიმართება. ყინულის სპორტი მილანში ჩატარდება.

კორტინაში ერთ-ერთი საშეჯიბრო მოედანი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ნახევრად არის დასრულებული.

სწორედ ამიტომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ალტერნატიული დამზღვევი ადგილი მოითხოვა. თუ იტალიაში ეს კონკრეტული ტრასა დროულად არ დასრულდება, რამდენიმე ღონისძიებას ნიუ-იორკში გადაიტანენ. ოლიმპიურმა კომიტეტმა იტალიას ტრასის დასასრულებლად 1 თვე მისცა.

„იტალიაში უამრავი სამთო-სათხილამურო ტრასა და კურორტია, თუმცა კორტინას ტრასასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კითხვის ნიშნები არსებობს. ორგანიზატორები ყოველდღე მუშაობენ, რომ ტრასა რაც შეიძლება მალე ჩაბარდეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს“, – ამბობს დანიელა მატარი ჟურნალისტი

იტალიის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ძალიან გამოცდილი საორგანიზაციო კომიტეტი მოემსახურება. მათ არაერთი საერთაშორისო დონის ზამთრის სპორტული ტურნირი აქვთ ჩატარებული.

ოლიმპიადის ოფიციალური პროვაიდერი სტრიმინგ პლატფორმა “On Location’’ იქნება. მათ უკვე 62 ქვეყნისგან მიიღეს მოთხოვნა ყინულის ჰოკეის, ბიატლონისა და ფიგურული სრიალის შეჯიბრებების მაუწყებლობასთან დაკავშირებით.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2026 წლის 6 თებერვალს მილანის მთავარ სტადიონ სან სიროზე გაიხსნება, ხოლო დახურვის ცერემონია კი 22 თებერვალს ვერონას საკულტო რომაულ ამფითეატრში გაიმართება.

იტალიის ისტორიაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები მესამედ ჩატარდება. პირველად ეს ღონისძიება იტალიაში 1956 წელს კორტინა დ’ამპეცოში და 2006 წელს კი ტურინში გაიმართა.

წყარო: "ევრონიუს ჯორჯია"