კვლევითი კომპანია CBRE-ის (Coldwell Banker Richard Ellis) 2026 წლის რეიტინგში მესამე ადგილის დაკავებით, პოლონეთის დედაქალაქი ინვესტორებისთვის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქად წარმოჩინდება.

ვარშავა მხოლოდ ლონდონსა და მადრიდს ჩამორჩება და უსწრებს ისეთ მსხვილ ცენტრებს, როგორიცაა პარიზი, მილანი და ბარსელონა.

პოლონეთის დედაქალაქი, წინა წელთან შედარებით, რეიტინგში დაწინაურდა, რაც ინვესტორებს შორის მისი პოპულარობის ზრდაზე მეტყველებს.

რეიტინგებში ვარშავის წინსვლა ამ ქალაქის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მიმართ ინვესტორების მზარდი ნდობის მაჩვენებელია, რაც ასევე მიანიშნებს, რომ პოლონეთის დედაქალაქი რეგიონული მოთამაშიდან დასავლეთ ევროპის ჰაბების მთავარ კონკურენტად ყალიბდება.

ანალიტიკოსები ქალაქის მიმზიდველობის მთავარ ფაქტორებად პოლონეთის ძლიერ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, განვითარების საიმედო პროგნოზებსა და მყარ საიჯარო ბაზარს ასახელებენ.

კვლევამ 2026 წლის საუკეთესო მიმართულებებს შორის ასევე გამოყო ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, იტალია და გერმანია. სიას სათავეში ესპანეთი უდგას, რაც განპირობებულია მისი მედეგი ეკონომიკით, ძლიერი ტურისტული სექტორითა და უძრავ ქონებაზე შედარებით ხელმისაწვდომი ფასებით.

CBRE-ს განცხადებით, ვარშავის მაჩვენებლები ხაზს უსვამს, რომ ეს ქალაქი, მთლიანობაში, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და პერსპექტიული საინვესტიციო ბაზრის სტატუსს უკვე ატარებს.

მონაცემები ეფუძნება CBRE-ს მიერ ჩატარებულ „ევროპელი ინვესტორების განზრახვების 2026 წლის კვლევას“, რომელიც 2025 წლის 4 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 698-მა გლობალურმა ინვესტორმა, რომლებმაც ევროპული უძრავი ქონების ბაზრები 2026 წლის პოტენციური უკუგების მიხედვით შეაფასეს.

წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa), 1 არხი