ლატვიის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ქვეყანაში მყოფი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მხარდასაჭერად, 39.7 მილიონი ევროა გათვალისწინებული, რაც 2025 წელთან შედარებით, თითქმის 25 მილიონი ევროთი ნაკლებია - წელს უკრაინელი ლტოლვილებისთვის 65 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი. ამ ინფორმაციას LSM.lv-ი ავრცელებს.
ფინანსური დახმარების შემცირება ლატვიის სეიმის მიერ ოთხშაბათს „უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ“ კანონში საბოლოოო მოსმენით შეტანილ ცვლილებებს ეფუძნება.
ლატვიაში შემოსული უკრაინელი მოქალაქეების ნაკადი წელს სტაბილური დარჩა - დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, თვეში საშუალოდ 500-დან 600-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. 2025 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ლატვიის ფიზიკურ პირთა რეესტრში უკრაინის 31 152 მოქალაქე დგას აღრიცხვაზე, რომელთაგან 6 977 არასრულწლოვანია.
მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებთ, ლატვიაში ლეგალურად უკრაინის 9 909 მოქალაქე იყო დასაქმებული.
ამჟამად, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ლატვიაში ლეგალურ შრომით საქმიანობას იწყებენ, უფლება აქვთ, ერთი მინიმალური თვიური ხელფასის (740 ევრო) ოდენობის ერთჯერადი შემწეობა მიიღონ. ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ მხარდაჭერის გაგრძელება აღარ არის აქტუალური.
ამავდროულად, უკრაინის მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ წვდომა დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვისებზე იმავე მოცულობით, როგორიც ლატვიის მოქალაქეებს გააჩნიათ.
კანონში ასევე აისახა მთავრობის წინადადება, რომლის თანახმადაც, უკრაინელის მოქალაქეებმა სახელმწიფო ენა, პროფესიული საქმიანობიდან და სამსახურებრივი მიზნებიდან გამომდინარე, მინიმუმ, მე-2 საბაზისო დონეზე (A2) უნდა ისწავლონ დროებითი დაცვის მინიჭებიდან ორი წლის განმავლობაში.
უკრაინის მოქალაქეებს, აქამდე, ლატვიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასოდ შეეძლოთ. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2026 წლიდან ლატვიაში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის იგივე მგზავრობის საფასური და ფასდაკლების პირობები იმოქმედებს, როგორიც ლატვიის მოქალაქეებისთვის არის დაწესებული.
ასევე იგეგმება, რომ ჯანდაცვის სერვისების მიღებისას, უკრაინის მოქალაქეები პაციენტის თანაგადახდისგან აღარ გათავისუფლდებიან.
ამავდროულად, უკრაინის მოქალაქეები შეინარჩუნებენ იმავე უფლებებს, რაც ლატვიის სხვა მოქალაქეებს აქვთ, რათა განაგრძონ სახელმწიფო დაფინანსებით გათვალისწინებული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა.
„უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ“ კანონი ასევე ადგენს პირობებს ლატვიაში დახმარების შეწყვეტის შესახებ. დახმარება წყდება, თუ ლატვიაში მცხოვრები უკრაინელი სამოქალაქო პირი საერთაშორისო დაცვას სხვა ქვეყანაში მიიღებს ან ემიგრაციაში წავა ქვეყანაში, სადაც მას ცხოვრების ან ბინადრობის ნებართვის მიღების უფლება აქვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით დადგენილი წესით გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ამოიწურა.
კანონს დაემატა ახალი დებულება, რომლის თანახმად, უკრაინელი სამოქალაქო პირი ლატვიაში დახმარებას ვეღარ მიიღებს, თუ დროებითი დაცვის მინიჭების შემდეგ, ის რუსეთს ან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს ესტუმრა.
წყარო: 1 არხი