2025 წელი სპორტის მოყვარულებისთვის გამორჩეული და ემოციებით დატვირთული გამოდგა. ამ წელს ბევრი ტრადიციული და პოპულარული სპორტული ღონისძიების ფორმატი შეიცვალა, იყო ახალი რეკორდები და იყვნენ ახალი ჩემპიონები.

ჩემპიონთა ლიგის ახალი გამარჯვებული – „პარი სენ-ჟერმენი“

ევროპული ფეხბურთის მთავარი მატჩი მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართა. „პარი სენ-ჟერმენმა“ ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ფრანგულმა გუნდმა ფინალში მილანის „ინტერი“ 5:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთი გოლი საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის აღნიშნული სეზონი განახლებული ფორმატით გაიმართა და მასში 36 გუნდი მონაწილეობდა.

ფიფა-ს განახლებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი

პირველად ისტორიაში, ფეხბურთში ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 32-გუნდიანი ფორმატით ჩატარდა. ტურნირი აშშ-ში ზაფხულში გაიმართა. ფინალში ლონდონის „ჩელსიმ“ „პარი სენ-ჟერმენს“ 3:0 მოუგო. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კოულ პალმერი დასახელდა, რომელმაც ფინალურ მატჩში ორი გოლი გაიტანა.

ევრობასკეტი 2025 – გერმანიის ნაკრების ზედიზედ მეორე გამარჯვება დიდ საერთაშორისო ტურნირზე

ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხ ქვეყანაში (ლატვია, კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი) ჩატარდა. რიგაში გამართულ ტურნირის ფინალში ერთმანეთს გერმანია და თურქეთი შეხვდნენ. გერმანიამ 88:83 მოიგო და ისტორიაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა კალათბურთელებმა 2023 წელს მსოფლიო პირველობაც მოიგეს.

NBA-ს ფინალები – „ოკლაჰომა სიტის“ პირველი ტიტული ისტორიაში

კალათბურთში მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ჩემპიონატს, NBA-ს ახალი გამარჯვებული ჰყავს – „ოკლაჰომა სიტი“. ფინალურ სერიაში ოკლაჰომელებმა „ინდიანა პეისერსი“ 4:3 დაამარცხეს. სერიის „უძვირფასესი მოთამაშე“ შაი გილჯის-ალექსანდერი გახდა.

ქალთა რაგბის მსოფლიო თასი – ინგლისელთა ტრიუმფი

ქალთა შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელმა ინგლისის ნაკრებმა („წითელი ვარდები“) ფინალში კანადა 33:13 დაამარცხა. „ტვიკენჰემზე“ გამართულ ფინალს 81,000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო, რაც რეკორდია.

ფორმულა 1 – ლანდო ნორისის პირველი ტიტული

2025 წლის სეზონი ფორმულა 1-ში დრამატული და საინტერესო გამოვიდა. მაქს ფერსტაპენის („რედ ბული“) ოთხწლიანი დომინაცია ლანდო ნორისმა („მაკლარენი“) დაასრულა, რომელმაც აბუ-დაბიში ჩატარებულ ბოლო რბოლაში ორი ქულით აჯობა მეტოქეს. 2025 წელს „ფერარის“ რიგებში გამოდიოდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი. ის მანამდე „მერდესესის“ ღირსებას იცავდა და გერმანულ გუნდთან ერთად ექვსი ტიტული მოიპოვა.

მძლეოსნობა – ნოა ლაილსმა უსეინ ბოლტის რეკორდი გაიმეორა

ამერიკელმა მძლეოსანმა, ნოა ლაილსმა 200 მეტრზე რბენაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ შედეგით მან ლეგენდარული უსაინ ბოლტის მიღწევა გაიმეორა.

ალკარასი-სინერის მეტოქეობა მსოფლიო ჩოგბურთში

ჩოგბურთში დიდი სლემის ტურნირები მხოლოდ იანიკ სინერმა და კარლოს ალკარასმა მოიგეს, რითაც დიდ სპორტულ მეტოქეობას დაუდეს სათავე. ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონზე სინერმა გაიმარჯვა, ხოლო საფრანგეთისა და აშშ-ის ღია პირველობის ტიტულები ალკარასს ერგო.

ველოსპორტი – ტადეი პოჩაგარის მეოთხე გამარჯვება „ტურ დე ფრანსზე“

ტადეი პოჩაგარი 2025 წელს პროფესიონალურ ველოსპორტში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი იყო. სლოვენიელმა „ტურ დე ფრანსი“ მეოთხედ მოიგო. 27 წლის სლოვენიელს ერთი გამარჯვებაც სჭირდება და რეკორდს გაიმეორებს.

აშშ-ის ყინულის ჰოკეის ნაკრების პირველი ოქროს მედალი 1960 წლის შემდეგ

2025 წელს ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონი აშშ-ის ნაკრები გახდა, რომელმაც ისტორიაში მესამე ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი 1960 წლის შემდეგ არ მოუპოვებია. ფინალში ამერიკელებმა შვეიცარიას მოუგეს.

წყარო: პირველი არხი