ბიზნესგამოცემა Verslo žinios-ი იუწყება, რომ ლიეტუვამ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთიდან პირდაპირი გზით 36%-ით მეტი საქონლის იმპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ 1.16 მილიარდი ევრო შეადგინა.
ასეთი ზრდა ევროკავშირში სიდიდით მეორე იყო სლოვენიის შემდეგ, სადაც 39.7%-იანი მატება დაფიქსირდა. მთლიანად ევროკავშირში, ჩინეთიდან იმპორტი, საშუალოდ, 13%-ით გაიზარდა.
საერთო ჯამში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ლიეტუვამ 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების ჩინური წარმოშობის საქონელი შემოიტანა. აქედან დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი ქვეყანაში ირიბად, სხვა ქვეყნების გავლით შემოვიდა.
ეკონომისტების თქმით, იმპორტის ზრდა განაპირობა მზარდმა სამრეწველო წარმოებამ და ინვესტიციებმა, ასევე, აშშ-ის მიერ ჩინურ საქონელზე დაწესებულმა ტარიფებმა, რამაც ევროპისთვის მეტი შეკვეთის საჭიროება წარმოშვა. მათივე განმარტებით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ლიეტუვის მრეწველობას მეტი ჩინური კომპონენტი დასჭირდა.
წყარო: 1 არხი