2025 წლიდან დანია თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-ის გამოყოფას და ჯარში გაწვევის ხანგრძლივობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიკსენის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მან პრესკონფერენციაზე დანიის სამხედრო შესაძლებლობებში ინვესტიციის განხორციელების შესახებ 2024-2028 წლების გეგმა წარადგინა. 

მისი თქმით, „ნატო“ მრავალი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ქვეყნებმა თავდაცვის საჭიროებებზე მშპ-ის მინიმუმ 2% უნდა დახარჯონ. მისი წევრი ქვეყნები კი არ შეიძლება თავდაცვის სფეროში პარტნიორებზე იყვნენ დამოკიდებული. 

პრემიერის განცხადებით, დანიის ხელისუფლება გეგმავს სამხედრო სამსახურის ვადის გაზრდას 4-იდან 11 თვემდე. ამასთან, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ჯარში არა მარტო მამაკაცების, არამედ ქალების გაწვევას.

მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ დანიისთვის პირდაპირ სამხედრო საფრთხეს ამჟამად ვერ ხედავს.