ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელ სიაში პირველ ადგილს 20 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი კოკო გოფი იკავებს. გოფმა Forbes-ის ყოველწლიურ რეიტინგში შარშანდელი ლიდერი, ასევე ჩოგბურთელი, პოლონელი იგა შვიონტეკი ჩაანაცვლა.
გამოცემის შეფასებით, 2024 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ორი სპორტსმენი ქალის კოლექტიურმა შემოსავალმა $258 მილიონს გადააჭარბა, რაც 15%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ რეიტინგის ისტორიაში პირველად, სიაში შემავალი 11 სპორტსმენი ქალის მიერ გამომუშავებულმა თანხამ, თითოეულის შემთხვევაში, გადააჭარბა $10-მილიონიან ნიშნულს. ამის მიუხედავად, ქალების მიერ 2024 წელს გამომუშავებული თანხა სპორტსმენი კაცების კოლექტიური წლიური შემოსავლის ($2.23 მილიარდი) მხოლოდ 12%-ს შეადგენს.
მოედანზე გამომუშავებული თანხის გარდა, სპორტსმენი ქალები მამაკაცებს სასპონსორო გარიგებებიდან მიღებული შემოსავლითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. 2024 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა ქალებმა (ტოპ-20) მოედნის გარეთ $191 მილიონი გამოიმუშავეს, მამაკაცებმა კი — $624 მილიონი.
მიმდინარე რეიტინგის ლიდერ კოკო გოფის წლიურმა შემოსავალმა $34.4 მილიონი შეადგინა, რაც ისტორიაში, სპორტსმენი ქალებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. გოფის ეს შედეგი მხოლოდ ოსაკას ($57.3 მილიონი) და სერენა უილიამსის ($45.9 მილიონი) 2021 წლის შემოსავლებს ჩამორჩება. მხოლოდ WTA-ის ფინალის მოგებით, გოფმა $4.8 მილიონი მიიღო.
2024 წლის რეიტინგში მეორე ადგილზე გადმოინაცვლა შარშანდელმა ლიდერმა, პოლონელმა ჩოგბურთელმა იგა შვიონტეკმა. შვიონტეკის წლიური შემოსავალი $23.8 მილიონია, საიდანაც კორტებზე გამომუშავებულ თანხაზე მხოლოდ $8.8 მილიონი მოდის. მესამე ადგილზე, $22.1 მილიონით, მოთხილამურე ეილინ გუ არის წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ შარშანდელი შედეგების შემდეგ რეიტინგის პირველი სამეული უცვლელია, მათ ერთმანეთში მხოლოდ პოზიციები გაცვალეს.
წლევანდელ რეიტინგში წარმოდგენილი ოცი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალიდან ჩვიდმეტი 30 წლამდე ასაკისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის სიაში სპორტის სახეობების მიხედვით ერთპიროვნული ლიდერი ჩოგბურთი აღარაა და, მასთან ერთად, რეიტინგი აერთიანებს გოლფის, კალათბურთის, ფეხბურთის, ბადმინტონის, ტანვარჯიშისა და სათხილამურო ფრისტაილის წარმომადგენლებს.
ვრცლად forbs.ge - ზე