ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული გუნდების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში ლიდერობას, ზედიზედ უკვე მეცხრე წელია, ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდი, Dallas Cowboys-ი ინარჩუნებს. NFL-ის კლუბი $10.1 მილიარდადაა შეფასებული და დაახლოებით $1.3 მილიარდით უსწრებს რეიტინგში მის უახლოეს მდევარს.
Forbes-ის რეიტინგი ჯამში მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ გუნდს აერთიანებს, საიდანაც 12 NBA-ის ფრენჩაიზია. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბი, $8.8-მილიარდიანი შეფასებით, Golden State Warriors-ია. ის გამოცემის სიის მეორე პოზიციაზეა წარმოდგენილი.
გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში NBA-ის კლუბების რაოდენობა გაორმაგებულია. ამერიკული Forbes-ის აღნიშვნით, ეს ფაქტი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდების რეალურ მოგებას აღნიშნავს, ლიგის 30 ფრენჩაიზის საშუალო ღირებულებამ წელს $4.4 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 15%-ით, ხოლო ათი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით 596%-ით მაღალი მაჩვენებელია.
რეიტინგში NBA-ის გუნდების რაოდენობის ზრდა ბეისბოლის მთავარი ლიგის ხარჯზე ხდება, რომელმაც წლევანდელ სიაში ორი წარმომადგენელი, Chicago Cubs-ი და San Francisco Giants-ი დაკარგა. 2024 წლის სიაში აღარც Formula 1-ის გუნდები, Ferrari და Mercedes-ი გვხვდებიან, NFL-დან კი ტოპ-50-ს Buffalo Bills-ი გამოაკლდა.
ამის მიუხედავადაც, სპორტული გუნდების რაოდენობით NFL-ი რეიტინგის ლიდერობას განაგრძობს. ეროვნული საფეხბურთო ლიგიდან სიაში 29 ფრენჩაიზია წარმოდგენილი, რაც ორმოცდაათეულის 58%-ია. რაც შეეხება ევროპულ საფეხბურთო კლუბებს, მათ შორის პირველ ადგილზე Real Madrid-ია, რომელიც $6.6 მილიარდადაა შეფასებული და სიის მე-12 პოზიციაზეა.
მიუხედავად ევროპული საფეხბურთო კლუბების გლობალური გავლენისა, ამერიკული სპირტული გუნდების მაღალ ღირებულებას უმეტესად პროფესიული სპორტის კომერციალიზაცია განაპირობებს, მათ შორის – მედიაგარიგებები. NBA-ის ეროვნული სატელევიზიო ხელშეკრულებები, რომლებიც მომდევნო სეზონში ამოქმედდება, სავარაუდოდ, თითო გუნდისთვის წლიურად $230 მილიონს მოიტანს.
საერთო ჯამში, Forbes-ის რეიტინგში შემავალი 50 ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული გუნდის კოლექტიური შეფასება $289 მილიარდს აღწევს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ერთი გუნდის საშუალო ღირებულება $5.8 მილიარდს უტოლდება, რაც გასულ წელთან შედარებით 13%-ით მაღალი მაჩვენებელია.
2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული გუნდების ათეული:
- Dallas Cowboys (NFL) – $10.1 მილიარდი
- Golden State Warriors (NBA) – $8.8 მილიარდი
- Los Angeles Rams (NFL) – $7.6 მილიარდი
- New York Yankees (MLB) – $7.55 მილიარდი
- New York Knicks (NBA) – $7.5 მილიარდი
- New England Patriots (NFL) – $7.4 მილიარდი
- New York Giants (NFL) – $7.3 მილიარდი
- Los Angeles Lakers (NBA) – $7.1 მილიარდი
- New York Jets (NFL) – $6.9 მილიარდი
- San Francisco 49ers (NFL) – $6.8 მილიარდი