გასული წელი გლობალური ბირჟებისა და კომპანიებისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. 2023 წელს რამდენიმე მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ მაინც შეძლო გაფართოება და სხვა კომპანიის შესყიდვა:

1. Microsoft x Activision-Blizzard - $69 მლრდ

რეიტინგის სათავეში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ია, რომელმაც ვიდეო თამაშების მწარმოებელი სტუდია Activision-Blizzard-ი რეკორდულ 69 მილიარდ დოლარად შეიძინა.

გარიგება თვეების განმავლობაში მარეგულირებლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო, მაგრამ გარიგება წარმატებით დასრულდა და ამ ტრანზაქციის წყალობით Microsoft-მა ვიდეო თამაშების გლობალურ ინდუსტრიაში პირველი ადგილი დაიკავა.

ამ კოლოსალური თანხის სანაცვლოდ, Microsoft-მა წვდომა მიიღო Activision-Blizzard-ის პორტფელთან, რომელიც ისეთ პოპულარულ თამაშებს მოიცავს, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, StarCraft და Candy Crush.

2. Broadcom x VMWare - $61 მლრდ

მეორე უმსხვილესი გარიგებაც ტექნოლოგიური ინდუსტრიას უკავშირდება, კერძოდ, ნახევარგამტარი ჩიპების მწარმოებელმა Broadcom-მა კომპანია VMWare-ის 61 მილიარდ დოლარად შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

VMWare-ი კომპიუტერული პროგრამებისა და Cloud-სერვისების უზრუნველყოფის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, Broadcom-ი კი ტექნოლოგიურ-ინფრასტრუქტურული ბაზრის გიგანტი, რომელიც კონკურენციას Cisco-სა და Qualcomm-ს უწევს.

გარიგების შედეგად, კომპანია Broadcom-ი VMware-ის ექსკლუზიურ სერვისებთან და რესურსებთან მიიღებს წვდომას.


3. Exxon Mobil x Pioneer Resources - $60 მლრდ

ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა Exxon Mobil-მა 60 მილიარდ დოლარად Pioneer Natural Resources იყიდა. მსგავსი მასშტაბის ტრანზაქცია Exxon-ს 1998 წლის შემდეგ არ განუხორციელებია.

ამ გარიგების შედეგად Exxon-ი პორტფელის გაფართოებას, ახალი საწარმოების მიღებას და ბუნებრივი რეზერვების მოცულობის გაზრდას შეძლებს. ბოლო პერიოდში ენერგეტიკული კომპანიები აქტიურად ცდილობენ პორტფელის დივერსიფიცირებას და Exxon-ის ეს ნაბიჯიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

4. Chevron x Hess Corporation  - $53 მლრდ

2023 წელს ამერიკულმა Chevron-მა კონკურენტი კომპანიის, Hess Corporation-ის 53 მილიარდ დოლარად შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გარიგების შედეგად, Chevron-ს საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა და დამატებითი რესურსების ათვისება შეეძლება, რადგან კომპანია Hess-ი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარის აქტივებს ფლობს.

რაც შეეხება Chevron-ს, ეს ენერგეტიკული გიგანტი 283 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და სანავთობო ტიტანების რეიტინგში ის მესამე ადგილს იკავებს.


5. Pfizer x Seagen - $43 მლრდ

ბიოტექნოლოგიურმა გიგანტმა, Pfizer-მა კიბოს საწინააღმდეგო წამლის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანიის, Seagen-ის 43 მილიარდ დოლარად შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.

ექსპერტების შეფასებით, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში Seagen-ის პრეპარატებს წარმატების ყველაზე დიდი შანსი აქვთ, კომპანიის ასეთი ძვირად ღირებული შეფასებაც სწორედ ამ ფაქტითაა განპირობებული.