უკრაინას $164 მილიარდის გაყინული რუსული აქტივები უპროცენტო სესხის სახით უნდა გადაეცეს, -  ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა Financial Times-ში გამოქვეყნებულ ედიტორიალში დაწერა.

სხვათა შორის, გერმანია გაყინული აქტივების უკრაინისთვის ნებისმიერი ფორმით გადაცემას აქამდე მკაცრად ეწინააღმდეგებოდა. ახლა კი გერმანიის კანცლერის აზრით, ევროკავშირის მიერ გაცემული სესხს თავდებში, საწყის ეტაპზე, თავად წევრი ქვეყნები უნდა ჩაუდგნენ, 2028 წლიდან კი შესაძლო რისკები ევროკავშირის ბიუჯეტმა უნდა დააზღვიოს. როგორც კანცლერი ამბობს, ამ ნაბიჯით ევროპა აქტივების პირდაპირ კონფისკაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს აირიდებს თავიდან. ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოება კი მარტივად გადაიჭრება.

“პუტინმა იცის, რომ ევროპა ბელგიაში გაყინული რუსული აქტივების პირდაპირ კონფისკაციას არ მოახდენს, ამიტომ ჩვენს სიფრთხილეს ბოროტად იყენებს და მოლაპარაკების მაგიდასთან არ ჯდება. გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის უპროცენტო სესხის მიცემით ჩვენ სამართლებრივ რისკებსაც ავირიდებთ თავიდან და ოფიციალურ კიევსაც რეალურ დახმარებასაც გავუწევთ.” - წერს მერცი.

მომავალ კვირას, კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე განხილვის მთავარი თემა, დიდი ალბათობით, სწორედ მერცის ეს ინიციატივა იქნება. ამ საკითხს განიხილავენ ევროპის საბჭოს ოქტომბრის სამიტზეც.