დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 8 თვის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტერესი ყველაზე მეტად კანიონებისა და მღვიმეების მიმართ არის გაზრდილი.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოდან "კომერსანტს" აცნობეს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

ნავენახევის მღვიმე - 33%

სათაფლია - 20%

მარტვილის კანიონი - 12%

პრომეთეს მღვიმე - 10%

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ ვიზიტორები უპირატესობას მარტივ ეკოტურისტულ ობიექტებს და ბუნების ძეგლებს ანიჭებენ, სადაც კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაა წარმოდგენილი.

"ნავენახევის მღვიმე შედარებით ახალი ეკოტურისტული ობიექტია და ვიზიტორთა მხრიდან სწრაფად მზარდი ინტერესით გამოირჩევა. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, რეკორდული ზრდა 33% ნავენახევის მღვიმეში დაფიქსირდა.

ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისაა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი, რომლებსაც ჯამში 619 743 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, - აცხადებენ სააგენტოში. 

მათივე ცნობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და შესაბამისად, მათი რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად პირველ ხუთეულში მოექცა ინდოეთიც.

„საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმდინარე წელს, კანიონები და მღვიმეები ვიზიტორთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რაც გამოწვეულია ადგილზე არსებული მოწესრიგებული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს სხვადასხვა ეკოტურისტული სერვისების გაუმჯობესებას, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. აღნიშნული საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას მიიღონ მეტი შემოსავალი და გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ.