Visual Capitalist-მა, HelloSafe-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე იაფი და ძვირი ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 2025 წელს შეგიძლიათ ეწვიოთ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე იაფი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.
Visual Capitalist-ის ჩამონათვალი თითოეულ კატეგორიაში 15-15 ქვეყანას გვთავაზობს. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, საშუალო დღიური ბიუჯეტის გამოთვლები მოიცავს მოგზაურის მიერ ადგილზე გაწეულ ხარჯებს დანიშნულების ქვეყანაში შემდეგი კომპონენტების მიხედვით:
- განსახლების ხარჯები (სასტუმროს ან Airbnb-ის ტიპის საცხოვრებლის დაჯავშნა);
- კვების ხარჯები (ადგილობრივი CPI-ინდექსებისა და რესტორნის ხარჯების საფუძველზე);
- ტრანსპორტის ხარჯები ქვეყნის შიგნით (თვითმფრინავი, მატარებელი, ავტობუსი და ა.შ.);
- სხვადასხვა ადგილზე ვიზიტებისა და ტურისტული აქტივობების ხარჯები.
აღსანიშნავია, რომ ეს ბიუჯეტი არ მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებას დანიშნულების ქვეყანაში. როგორც წესი, ამაში თვითმფრინავის ბილეთის ფასი მოიაზრება.
შემოთავაზებული რეიტინგის მიხედვით, 2025 წელს ლაოსი მსოფლიოში ყველაზე იაფი ქვეყანაა სამოგზაუროდ – საშუალო დღიური ბიუჯეტი მხოლოდ 15 აშშ დოლარია. ეს მკვეთრად განსხვავდება ბარბადოსისგან, 2025 წელს სამოგზაუროდ ყველაზე ძვირი ქვეყნისგან, რომლის საშუალო დღიური ბიუჯეტი 330 აშშ დოლარია.
2025 წელს სამოგზაუროდ ყველაზე იაფი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. HelloSafe-ის მონაცემებით, რომელიც Budget Your Trip-ის, Kayak.com-ისა და Booking.com-ის ინფორმაციასაც აერთიანებს, საქართველოში მოგზაურისთვის საშუალო დღიური ბიუჯეტი 28 აშშ დოლარია.
ყველაზე იაფი ქვეყნები სამოგზაუროდ:
ადგილი | ქვეყანა | საშუალო დღიური ბიუჯეტი ($) |
1 | ლაოსი | 15 |
2 | ყაზახეთი | 19 |
3 | რუანდა | 21 |
4 | განა | 22 |
5 | მონღოლეთი | 24 |
6 | სომხეთი | 26 |
7 | ბურკინა-ფასო | 26 |
8 | საქართველო | 28 |
9 | მალი | 29 |
10 | ბურმა | 34 |
11 | კუბა | 35 |
12 | მოლდოვა | 35 |
13 | ინდოეთი | 36 |
14 | მალავი | 36 |
15 | ნეპალი | 36 |
ყველაზე ძვირი ქვეყნები სამოგზაუროდ:
ადგილი | ქვეყანა | საშუალო დღიური ბიუჯეტი ($) |
1 | ბარბადოსი | 330 |
2 | ანტიგუა და ბარბუდა | 310 |
3 | სენტ-კიტსი და ნევისი | 271 |
4 | მალდივები | 267 |
5 | გრენადა | 258 |
6 | შვეიცარია | 250 |
7 | აშშ | 248 |
8 | მიკრონეზია | 248 |
9 | გრენლანდია | 221 |
10 | საამიროები | 220 |
11 | ბაჰამის კუნძულები | 217 |
12 | ომანი | 214 |
13 | სან-ტომე და პრინსიპი | 211 |
14 | პუერტო-რიკო | 190 |
15 | კატარი | 188 |